რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი ყირიმის ხიდზე თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. კომიტეტი მომხდარს უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ჩადენილ “ტერორისტულ აქტს” უწოდებს.
“დილის 3.05 საათზე ორმა უპილოტო თვითმფრინავმა ყირიმის ხიდზე თავდასხმა განახორციელა. გამომძიებლების თქმით, 16-17 ივლისის ღამეს უკრაინის სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად დაზიანდა ყირიმის ხიდის ერთ-ერთი მონაკვეთი. დაიღუპა ორი ზრდასრული და დაშავდა ერთი ბავშვი,” – ნათქვამია ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს 17 ივლისს, ყირიმის ხიდზე, რომელიც რუსეთის კრასნოდარის ოლქს ანექსირებულ ნახევარკუნძულთან აკავშირებს, აფეთქება მოხდა.