რუსეთი უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებს

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებს.

კომიტეტის მტკიცებით, მამულაშვილმა ომის წარმოების წესები დაარღვია რუსი ჯარისკაცების მიმართ.

“საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტს დაავალა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ქართული ლეგიონის მეთაურის, მამულაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ ჩადენილ ომის წესების დარღვევასთან დაკავშირებით.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მყოფი ქართული ლეგიონის წევრები უკანონო ქმედებებს სჩადიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიმართ. გარდა ამისა, მამულაშვილის მხრიდან გაკეთდა არაერთი საჯარო განცხადება, რომ ის მომავალშიც აპირებს განაგრძოს რუსეთის სამხედროების, ნაციონალური გვარდიის წევრებისა და ჩრდილოეთ კავკასიის ოპერატიული დანაყოფის წევრების წამება და მკვლელობა. ეს ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ჟენევის კონვენციის 1949 წლის 12 აგვისტო დებულებებს სამხედრო ტყვეთა მოპყრობის შესახებ“, – ნათქვამია კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“იდიოტების ქვეყანა”,– ასე გამოეხმაურა მამუკა მამულაშვილი კომიტეტის განცხადებას Facebook-ზე.