რუსეთი უარყოფს, რომ ჩინეთს სამხედრო დახმარება სთხოვა

რუსეთი უარყოფს, რომ ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება სთხოვა. ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთს შეუძლია, სრულად აიღოს კონტროლი უკრაინის დიდ ქალაქებზე ჩინეთის  სამხედრო დახმარების გარეშე.

”რუსეთს აქვს საკუთარი დამოუკიდებელი პოტენციალი ოპერაციის გასაგრძელებლად”,– განაცხადა პესკოვმა და აღნიშნა, რომ “ოპერცია გეგმის მიხედვით მიდის”.

რუსეთის მიერ უკრაინასთან ომში სამხედრო დახმარების თხოვნა უარყო ჩინეთმაც.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთმა სთხოვა ჩინეთს სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის თვითმფრინავებით მომარაგება, ასევე ეკონომიკური დახმარება სანქციების ფონზე.