“რუსეთის ერთ-ერთ მეზობელთან დემოკრატია ზღვარზეა და პუტინი კმაყოფილია” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას, ცნობილი ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი. გამოცემა სტატიაში განხილულია, საქართველოში განვითარებული მოვლენები, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე შტურმსა და პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხი.
“უკვე 15 წელზე მეტია, რაც რუსეთის მკაცრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ყოფილი საბჭოთა საქართველოს რესპუბლიკა სტაბილურად თუ ნელ-ნელა მიდიოდა დემოკრატიისა და დასავლეთთან ინტეგრაციისაკენ. ახლა ქვეყანამ უკან დიდი ნაბიჯი გადადგა.
სამშაბათს, პოლიციამ საქართველოს დედაქალაქში, თბილისში დაარბია წამყვანი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისი და დააკავა მათი ლიდერი, ნიკა მელია. დაპატიმრება თვეების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური კონფლიქტის კულმინაცია იყო, რამაც საქართველოს პოლიტიკური სისტემა კოლაფსს მიაახლოვა და საფრთხე შეუქმნა მის კავშირს დასავლეთთან – განვითარებული მოვლენებით კი ვლადიმირ პუტინის გარდა, სარგებელს არავინ იღებს.
ვაშინგტონში ცდილობდნენ, დაედანაშაულებინათ მმართველი პარტია “ქართული ოცნება”, რომელიც ქვეყანას 2012 წლიდან მართავს. ექსცენტრიკული მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის, მითითებით, პარტიამ გააგრძელა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა, ამავდროულად, ურთიერთობების ნორმალიზება სცადა რუსეთთან, რომელიც 2008 წელს შეიჭრა საქართველოში და დღემდე ოკუპირებული აქვს მისი ორი რეგიონი. ოპოზიციური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც 2000-იან წლებში ხელისუფლებაში ყოფნის დროს მჭიდრო კავშირებს ამყარებდა შეერთებულ შტატებთან, ხმამაღლა მიმართავს ვაშინგტონს მხარდაჭერისთვის და ამბობს, რომ ივანიშვილს ქვეყანა ავტოკრატიისა და მოსკოვის ორბიტისკენ მიჰყავს.
სადავო იურიდიული საფუძვლით ბატონი მელიას დაპატიმრება ნამდვილად გაუმართლებელი და პროვოკაციული იყო – იმდენად, რომ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მმართველი პარტიიდან, ქართული ოცნებიდან, თანამდებობა დატოვა. თუმცა დემოკრატიული ნორმების მიმართ ოპოზიციის ერთგულებაც მერყევად გამოიყურება. გასულ წელს ქართულ ოცნებასთან ფართოდ ნაქებ საარჩევნო რეფორმებზე მოლაპარაკებების შემდეგ ენმ-მ უარი თქვა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე – როგორც არჩევნებმა აჩვენა, მოქმედი პირების გამარჯვების აღიარებაზე. ის ირწმუნებოდა, რომ არჩევნები გაყალბდა – დასკვნა, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებელთა ბევრმა ჯგუფმა ვერ გამოიტანა. მათ დაიმოწმეს დარღვევები, მაგრამ მათ შედეგებში ეჭვი არ შეუტანიათ.
სავარაუდოდ, თავად ნიკა მელია უძღვებოდა მომიტინგეების მცდელობას, რომ 2019 წელს პარლამენტში შეჭრილიყვნენ; იგი დააკავეს, რადგან მან არ გადახდა გირაო, რომელიც დაეკისრა ამ ინციდენტთან დაკავშირებული წაყენებული ბრალდების გამო. არჩევნების შემდეგ ის ნაციონალურ მოძრაობას ხელმძღვანელობდა და მოუწოდებდა ახალი პარლამენტის ბოიკოტისაკენ, უგულებელყოფდა აშშ-ს და ევროპელი დიპლომატების მიმართვებს. კომპრომისის წინააღმდეგ ისწრაფვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც ახლა უკრაინაში ცხოვრობს, მაგრამ ქართველებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.
2003 წელს ბატონი სააკაშვილი წინ მიუძღოდა რევოლუციას ავტოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ. მაგრამ ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი ამ კრიზისიდან. ამის ნაცვლად ოპოზიცია და ქართული ოცნება უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს, რომელიც ადრე შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარეობდა. მთავრობამ სწრაფად უნდა გაათავისუფლოს ნიკა მელია, ისევე სევე გიორგი რურუა, ოპოზიციური სატელევიზიო არხის თანამფლობელი; ნაციონალურმა მოძრაობამ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც მოიპოვეს საპარლამენტო მანდატები გასული წლის შემოდგომის არჩევნებში, უნდა მიიღონ კიდეც ისინი. თუ საქართველო აგრძელებს სვლას დასავლური დემოკრატიისკენ და არა ევრაზიული ავტოკრატიისკენ, მისმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მიაღწიონ კომპრომისს, ტოლერანტობასა და ძალაუფლების განაწილებას.”