რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი ვენიამინი (კოროლიოვი), რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული კურსკის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ეკლესიის ვებგვერდი იუწყება. მას ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზი ჰქონდა. გარდაცვლილი რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი მაღალიერარქია, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა.
54 წლის ვენიამინმა ჟელეზნოგორსკის და ლგოვსკის ეპისკოპოსის წოდება 2012 წელს მიიღო. ამ წლის 12 აპრილს უკანასკნელი მსახურება ჩაატარა, რომელსაც შედარებით ნაკლები მრევლი ესწრებოდა. გამოცემა “ახილას“ მტკიცებით ამ ეპარქიის მინიმუმ ორი ღვთისმსახური კორონავირუსით არის დაინფიცირებული. 18 აპრილს ეპარქიის გვერდმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია ადგილობრივი სამრევლოს პროტოდიაკონის გარდაცვალების შესახებ.
აპრილის ბოლოს ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რიგი მაღალი იერარქების კორონავირუსით ინფიცირების შესახებ. შაბათს ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელმა, ვლადიმირ ლეგოიდამ განაცხადა, რომ ეკლესია სასულიერო პირებს შორის ეპიდემიის რეალურ მაშტაბებს არ მალავს, თუმცა არ თვლის, რომ დაავადებულთა რიცხვი მღვდელმსახურებს შორის უფრო მაღალია, ვიდრე საზოგადოების სხვა ფენებში.