”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახალი ინიციატივით გამოდის – პარტიის წევრის, ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, მათი ინიციატივა გულისხმობს, რომ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესდეს საოკუპაციო შენატანი 1 000 ლარის ოდენობით. მისი თქმით აღნიშნული თანხა დევნილთა დახმარების ფონდში ჩაირიცხება და ასევე, მოხდება საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების აღიარება.
“პარლამენტს, ხელისუფლებას, საზოგადოებას ვთავაზობთ კონკრეტული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებას. მოგეხსენებათ, რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება ძალიან დიდი მასშტაბები მიმიღო, რაც უკავშირდება როგორც ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას, ასევე ფინანსურ საკითხებს და დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.
ჩვენი პარტია გამოდის ინიციატივით, რომ ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილებები, რითაც ჩვენ გავაკეთებთ პოლიტიკურ განაცხადს ამ პროცესთან მიმართებით. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოვლისას საოკუპაციო შენატანის გადახდის ვალდებულებას. საოკუპაციო შენატანი თანხა ლარებში იქნება განსაზღვრული 1 000 ლარის ოდენობით თითოეულ მოქალაქეზე.
ამ გადახდის უზრუნველყოფით, ერთი მხრივ, გარანტირებული იქნება რუსეთის მოქალაქეების მხრიდან აღიარება იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და რუსეთი არის აგრესორი. ამავდროულად, კი ეს შენატანი გარკვეული შემაკავებელი ფაქტორიც უნდა გახდეს იმისათვის, რომ მათ თუ არ სურთ თანხის გადახდა, შეუძლიათ, არც შემოვიდნენ ქვეყანაში. ასევე, შენატანის გადახდა იქნება სოლიდარობა იმ დევნილებისთვის, რომლებიც მრავლად იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, იქნება შექმნილი სპეციალურ დევნილთა დახმარების ფონდი და ეს თანხები მიზნობრივი საჭიროებისთვის დევნილთათვის იქნება გადარიცხული”- თქვა ბეჟაშვილმა.