სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია „ქართულ ოცნებაზე“ მიმაგრებულია “ეფესბეს“ოპერატიული ჯგუფი, რომლის დავალებითაც „ქართული ოცნების“ წევრები საქართველოს ომში ჩართვის შესახებ საუბრობენ.
ვაშაძის ინფორმაციით, მანამდე ამ ადამიანებთან დისტანციური კავშირი იყო, ბოლო ერთი კვირის მანძილზე კი საქართველოში მოავლინეს.
ვაშაძის თქმით, სახელისუფლო ნარატივი, თითქოს დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს, „ეფესბეს”კურატორების მიერ არის დაწერილი.
„სანქციები მოახლოვდა არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან, არამედ სხვებთან დაკავშირებით. ამ სანქციების გადასაფარად რუსეთის მხრიდან საქართველოში მოვლენილ იქნა „ეფესბეს” კონკრეტული ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ოპერატიული ლეგენდა, რომ თითქოს სანქციები იმის გამო წესდება, რომ ვიღაცას საქართველოს ომში ჩართვა უნდა. უფრო მეტიც, ამ ოპერატიული ლეგენდის პირველი ფაზა “ქართული“ ოცნებიდან“ სამი ადამიანის გამოყოფა იყო, რომელსაც ეს უნდა გაეკეთებინა, მაგრამ კვლევების შედეგად, “ეფესბეს” მიერ მოვლენილმა სპეციალურმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ამ ადამიანებს ნულოვანი ნდობა აქვთ. სწორედ ამიტომ “ქართული ოცნების“ ლიდერებს მიეცათ დავალება იმის შესახებ, რომ “ეფესბეს” ოპერატიული ლეგენდა საქართველოს მოქალაქეებამდე მიიტანონ. გვაქვს ინფორმაცია ვინ არიან ჩართული საქართველოს მხრიდან ამ მესიჯების დამუშავებაში, რომლებიც არც ისე ცნობილი ადამიანები არიან. ინფორმაციას ვაზუსტებთ და დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ის მოქალაქეებს მოუწოდებს, მიაქციონ ყურადღება, ვინ აჟღერებს ამ მესიჯებს, რადგან ეს ადამიანები “ეფესბეს“ დავალების შემსრულებლები არიან. ვაშაძის თქმით, მათ შორის არის ქართული ოცნების თავმჯომარე, ირაკლი კობახიძე.