რუსეთის ომი უკრაინაში ახალ ფაზაში შედისამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიერ მომზადებულ ყოველდღიურ ანგარიშში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ფრონტი უკრაინის სამხრეთ-დასავლეთით, ზაპოროჟიადან 350 კილომეტრის სიგრძეზე, მდინარე დნეპრის გასწვრივ გადაინაცვლებს.
“რუსული ჯარები თითქმის სრულიად გროვდებიან უკრაინის სამხრეთით. ისინი ან უკრაინის კონტრშეტევის მოლოდინში არიან, ან შესაძლო თავდასხმისთვის ემზადებიან. რუსული არმიის გრძელი კოლონა, რომელიც სამხედრო სატვირთო მანქანებისგან, ტანკებისგან, არტილერიისგან და სხვა შეიარაღებისგან შედგება, დონბასის რეგიონიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ მიემართება.
ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსული აღჭურვილობა რუსეთის მიერ ოკუპირებული მელიტოპოლიდან, ბერდიანსკიდან და მარიუპოლიდან და რუსეთის ტერიტორიიდან გააქვთ და ქერჩის ხიდის გავლით ყირიმში მიაქვთ. ტაქტიკური ბატალიონები, რომლებიც 800-დან 1000 ჯარისკაცისგან შედგება, ყირიმში განალაგეს, დიდი ალბათობით, მათ ხერსონში რუსული ჯარის დასახმარებლად გამოიყენებენ. 2022 წლის 2 აგვისტოს ახალი ტაქტიკური ბატალიონი განლაგდა ყირიმში, ასევე, გვაქვს ცნობები, რომ ეს ბატალიონები შედგება ჯარების აღმოსავლეთ ჯგუფებისგან. უდიდესი ალბათობით, მათ უახლოეს დღეებში ხერსონში გადაისვრიან.
უკრაინული ჯარები აგრძელებენ ხიდების, ტყვია-წამლის საწყობების, სარკინიგზო კავშირების მიზანში ამოღებას უკრაინის სამხრეთ რეგიონებში მზარდი სიხშირით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სარკინიგზო მაგისტრალის ჩათვლით, რომელიც ოკუპირებულ ყირიმს ოკუპირებულ ხერსონთან აკავშირებს. უკრაინული მხარე იყენებს დაზიანების, შეფერხების, ბლოკირების კომბინაციას, რათა გავლენა მოახდინოს რუსეთის ჯარების გადაჯგუფების ლოჯისტიკურ შესაძლებლობაზე. რუსეთის ომი უკრაინაში ახალ ფაზაში შედის. უმძიმესი ბრძოლები დაახლოებით 350-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე ინაცვლებს, უკრაინის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე დნეპრის გასწვრივ”.