რუსეთის, რომელიც ჩვენი პრობლემების მთავარი წყაროა, ხსენებაც პრობლემაა ოცნებისთვის – ხოშტარია

რუსეთის, რომელიც ჩვენი პრობლემების მთავარი წყაროა, ხსენებაც პრობლემაა ოცნებისთვის – ასე ეხმაურება, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას, სადაც პრემიერი არ ახსენებს არც რუსეთს და არც საბჭოთა კავშირს.

“აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელსაც უჭირავს რუსული, ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია. უბრალოდ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთი, რომელიც ჩვენი პრობლემების მთავარი წყაროა – უსაფრთხოების, სუვერენიტეტის – ამის ხსენებაც კი ამ ხელისუფლებისთვის პრობლემაა.

25 თებერვალი, დღე, რომელიც ისტორიულად არის კონკრეტულად რუსეთის იმპერიასთან დაკავშირებული, რუსეთის იმპერიასთან, რომელსაც დღეს ებრძვის უკრაინა – ამის ხსენებაც კი უჭირთ მათ [საქართველოს ხელისუფლებას]. ამაზე მეტი ტესტი არ არსებობს, როგორი მთავრობა არ უნდა გყავდეს.” – აცხადებს ხოშტარია.