რუსეთის შეტევა 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან მოვიგერიეთ–უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 2 სარაკეტო და 7 საავიაციო დარტყმა და 70-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. დაღუპულთა რიცხვს გენერალური შტაბი არ ასახელებს.

უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის დონეცკის ოლქის ქალაქებთან, ბახმუტსა და სოლედართან.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 11 რაიონი, 1 მართვის პუნქტი და 2 საწყობი.