რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კანადამაც დააწესა

კანადის პრემიერ მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ უკრაინაში ესკალაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პირველი პაკეტის შესახებ განაცხადა.

კანადის ხელისუფლება უკრძალავს მის მოქალაქეებს და კომპანიებს რაიმე ფინანსური ოპერაციები აწარმოონ ე.წ. “სახალხო რესპუბლიკებთან“ და მონაწილეობა მიიღონ რუსეთის სუვერენული ვალის შესყიდვაში.

სანქციები დაწესდება სახელმწიფო დუმის ყველა დეპუტატის მიმართ, ვინც ხმა მისცა დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას.

გარდა ამისა, კანადას შემოაქვს სანქციები ორი სახელმწიფო რუსული ბანკის წინააღმდეგ და მათთან ყოველგვარ ფინანსურ გარიგებას კრძალავს. ჯერჯერობით ბანკები არ სახელდება.

კანადაც აშშ–ს მსგავსად ევროპაში სამხედრო ძალებს გადაისვრის.

“დღეს გავცემ ნებართვას 460–მდე კანადელი სამხედრო მოსამსახურის ლატვიაში განთავსების შესახებ. ასევე ევროპაში დამატებითი ფრეგატის და სანაპირო ავიაციის საპატრულო თვითმფრინავის გადასროლის შესახებ“– განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.

მისი თქმით, ეს აუცილებელია ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას ოტავაში რუსეთის ელჩმა, ოლეგ სტეპანოვმა მას სასაცილო უწოდა და განაცხადა, რომ ეს ვერ მოახდენს გავლენას რუსეთის გადაწყვეტილებაზე “დონბასში მშვიდობა უზრუნველყოს“.

მანამდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე განაცხადეს ბრიტანეთმა, აშშ–მ და ევროკავშირმა.