რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ომში მარცხზე მთელი პასუხისმგებლობა სამხედროებს დააკისროს–ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ყოველდღიურ ანგარიშში წერს, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს თავიდან აიცილოს საზოგადოების კრიტიკა ბრძოლის ველზე განცდილი წარუმატებლობების გამო.

ანგარიშის მიხედვით 3 ნოემბერს გენერალ–მაიორი ალექსანდრ ლინკოვი რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გენერალ–პოლკოვნიკ ალექსანდრ ლაპინის ნაცვლად, რომელიც სავარაუდოდ თანამდებობას 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს ჩამოაშორეს.

თუ ეს დადასტურდება, ლაპინი კიდევ ერთი მაღალჩინოსანი სამხედრო იქნება, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული არმიის მეთაურობას ჩამოაშორეს. მანამდე თანამდებობები დაკარგეს აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის სამხედრო ოლქების მეთაურებმა.

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი და ვაგნერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი აქტიურად აკრიტიკებდნენ ლაპინს უკრაინაში ბრძოლის ველზე განცდილი მარცხის გამო.

მაღალჩინოსანი სამხედროების თანამდებობიდან გათავისუფლებები იმას ნიშნავს, რომ ომში წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობას მათ აკისრებენ. როგორც ჩანს, ეს არის მცდელობა რუსეთის მოსახლეობის თვალში მარცხზე პასუხისმგებლობა სამხედროებს დააკისრონ და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა  მიჩქმალონ – ნათქვამია ანგარიშში.