რუსეთმა მაღალი სიზუსტის იარაღის მარაგის 60% გამოიყენა და ტაქტიკა შეცვალა – უკრაინა

უკრაინის სადაზვერვოს სამსახურის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, რუსეთმა უკვე გამოიყენა მაღალი სიზუსტის იარაღის მარაგის 60%.

“ჩვენი მონაცემებით, თუ საუბარია მაღალი სიზუსტის იარაღზე, მათ მარაგების 60% უკვე გამოიყენეს. ზოგიერთი სახეობისთვის კიდევ უფრო მეტი – 70%”,– აცხადებს ვადიკ სკიბიცკი.

მისივე ცნობით, რუსეთს არ აქვს მაღალი სიზუსტის იარაღის სწრაფად წარმოების შესაძლებლობა, განსაკუთრებით ეკონომიკური სანქციების გამო, რომელიც არ იძლევა საშუალებას, ფართოდ გამოიყენონ უცხოური წარმოების კომპონენტები.

სკიბიცკის განმარტებით, რუსეთმა შეცვალა მსგავსი ტიპის იარაღის გამოყენების ტაქტიკა.

“თუ ადრე კონკრეტული ობიექტის წინააღმდეგ 2 ან 4 რაკეტას იყენებდნენ, ახლა ისინი ყურადღებით ირჩევენ სამიზნეს და 8-დან 12-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტას იყენებენ. როგორც ბალისტიკურს, ასევე ფრთოსან რაკეტებს, სახმელეთოს, საზღვაოს, რათა სამიზნისთვის მოსახვედრად მზად იყოს. ჩვენ ვხედავთ ცვლილებას და გვესმის, რომ მაღალი სიზუსტის იარაღი რუსეთში ზღვრულ დონეზეა”,– აღნიშნავს დაზვერვის მაღალჩინოსანი.