რუსეთმა უკრაინაში ომის მეორე ეტაპის მიზნები დაასახელა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში სპეცოპერაციის მეორე ეტაპის მიზნები დაასახელა. უწყების განმარტებით, მიზანია დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარება.

ოფიციალური პირის თქმით, დონბასზე კონტროლის დამყარება შესაძლებელს გახდის სახმელეთო დერეფნის შექმნას ყირიმამდე.

„ეს [დონბასის კონტროლი] უზრუნველყოფს სახმელეთო დერეფანს ყირიმამდე, ასევე გავლენას მოახდენს უკრაინის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე, შავი ზღვის პორტებზე, რომლებითაც სასოფლო-სამეურნეო და მეტალურგიული პროდუქტები მიეწოდება [სხვა] ქვეყნებს“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, რუსეთმა დონბასზე შეტევის მეორე ეტაპი 2 დღის წინ დაიწყო. უკრაინის ცნობით, ოკუპანტი ახდენს საკუთარი ძალების ამ ტერიტორიაზე კონცენტრაციას. პენტაგონის განცხადებით, რუსეთს დონბასში ჯერჯერობით მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევია.