გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის, Bellingcat–ის ინფორმაციით უკრაინაში რუსულმა არმიამ მედესანტეთა 90% უკვე დაკარგა და ეს სრულმაშტაბიანი შეჭრის პირველივე ფაზაზე მოხდა . გარდა ამისა, რუსეთის არმიამ უკრაინაში დაკარგა 4 ათასამდე დაქირავებული სამხედრო, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში სირიაში, აფრიკასა და დონბასში რეალურ ბრძოლებში მონაწილეობდნენ. ხარისხიანი მებრძოლების გარეშე კი შეუძლებელია ინფრასტრუქტურული ობიექტების და ქალაქების დაპყრობა – ამბობს Bellingcat–ის დამფუძნებელი, გამომძიებელი ჟურნალისტი ხრისტო გროზევი.
“მედესანტეები, ეს არმიის ყველაზე ხარისხიანი და არსებითი ნაწილია, რომლის გარეშე საკვანძო ინფრასტრუქტურული ობიექტების და ქალაქის დაპყრობა შეუძლებელია.გარდა ამისა, დაკარგულია მეორე ეშელონის – დაქირავებულების დიდი ნაწილიც. ისინი ბოლო 10 წლის მანძილზე არა მხოლოდ წვრთნებში მონაწილეობდნენ, არამედ რეალურ ომებშიც – სირიაში, აფრიკის ქვეყნებში და დონბასში. მათგან 4000 უკვე დაკარგულია. ეს ხარისხაინი მებრძოლების უზარმაზარი პროცენტია“– თქვა ხრისტო გროზევმა “უკრაინა24“–ის ეთერში.
მისი თქმით, მებრძოლთა მესამე ეშელონმა უკრაინაში სისასტიკეების ჩადენა წარუმატებლობის და იმის გამო დაიწყო, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან სერიოზული დაპირისპირება ვერ შეძლო. გროზევის შეფასებით, რუსეთი ცდილობს მაქსიმუმ 70 ტაქტიკური ბატალიონი შეაგროვოს შეტევითი ჯგუფებისთვის, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სამხედროთაგან ვინ დათანხმდება ომში მონაწილეობას.