უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში უცხოური დიპლომატიური მისიების შენობების დაბომბვას.
მათი ცნობით, მარიუპოლში რუსული არმიის სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაზიანდა საბერძნეთის საკონსულოსა და ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის ოფისის შენობა, ხარკოვში სლოვენიის, აზერბაიჯანისა და ალბანეთის საპატიო საკონსულოების შენობა.
უკრაინის შეფასებით, რუსეთის შეიარაღებული თავდასხმა დიპლომატიური მისიების შენობებზე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების ვენის კონვენციების უხეში დარღვევაა.
“ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმოს რუსეთის მიერ უკრაინაში სამოქალაქო ობიექტების ბარბაროსული დაბომბვა, რომელიც კლავს და აზიანებს მშვიდობიან მოქალაქეებს, ბავშვების ჩათვლით.
უკრაინული მხარე უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობების განადგურების ფაქტებს დაამატებს რუსეთის წინააღმდეგ სარჩელებს საერთაშორისო სასამართლოებში, რათა რუსეთს მაქსიმალური პასუხისმგებლობა დაეკისროს მის დანაშაულებზე”,– წერია საგარეოს განცხადებაში.