რუსეთის ტერიტორიაზე ფინეთის საზღვრის მიმართულებით რუსეთის შეიარაღებული ძალების მძიმე სარაკეტო სისტემების გადაადგილება შეინიშნება. სავარაუდოდ, ეს არის თვითმავალი კომლექსები К-300 “Бастион-П”, რომლებიც საზღვაო ხომალდების და ავიამზიდების გასანადგურებლად არის განკუთვნილი. ისინი ფინეთის მიმარულებით მას შემდეგ დაიძრა, რაც სკანდინავიური სახელმწიფოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ახლო მომავალში ნატოს წევრები გახდნენ. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი დეილი მეილი წერს.
თვითმხილველებმა მძიმე სარაკეტო შეიარაღების გადაადგილება სანკტ–პეტერბურგიდან ფინეთისკენ მიმავალ ტრასა А-181–ზე შენიშნეს.
ვიდეოზე, რომელიც თვითმხილველებმა გადაიღეს, შეიმჩნევა, როგორ გადიან სარაკეტო კომპლექსები ფინეთის დედაქალაქის მიმართულების მაჩვენებელ აბრასთან. მძიმე შეიარაღების გადაადგილებას წინ უძღვოდა კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის გუშინდელი განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ფინეთისა და შვედეთის მიერ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისკენ გადადგმული ნაბიჯები “ევროპულ კონტინენტს დამატებით უსაფრთხოებას ვერ მოუტანს.“
“ჩვენ არაერთხელ ვამბობდით, რომ ალიანსი რჩება კონფრონტაციისკენ მიმართულ ინსტრუმენტად და მისი შემდგომი გაფართოება ევროპის კონტინენტს სტაბილურობას ვერ მოუტანს“– თქვა პესკოვმა.
ფინეთის ნატოში შესაძლო გაწევრიანების შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა 7 აპრილს, ნატოს ქვეყნების მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ბრიუსელში განაცხადა. მისი თქმით, ფინეთის მთავრობა მზად არის უმოკლეს ვადებში შეიტანოს განაცხადი ალიანსში გაწევრიანებაზე, თუ პარლამენტის მხარდაჭერა იქნება. მითუმეტეს, რომ ტექნიკურად ამის განხორციელება რთული არ არის, რადგან ფინეთის თავდაცვის ბიუჯეტი და სამხედრო სტანდარტები ნატოსას შეესაბამება.
ფინეთს ნატოში გაწევრიანების სურვილი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაუჩნდა. ფინეთის მოსახლეობაში ნატოში გაწევრიანებიის მხარდამჭერთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანება სურვილის შემთხვევაში დაჩქარებული წესით მოხდება. ამ პროცედურას შესაძლოა 4–დან 12 თვემდე დაჭირდეს.