რუსეთში ბელგოროდის ოლქი თავდასხმის ქვეშაა – სასაზღვრო ქალაქებში უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსი პარტიზანები გამოჩნდნენ

რუსეთში ბელგოროდის ოლქი თავდასხმის ქვეშაა – ქალაქ ბელგოროდში სირენების ხმა ისმის. მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა, უკრაინასთან ერთ-ერთი სასაზღვრო გამშვები პუნქტი განადგურებულია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში დაადასტურეს, რომ ლეგიონი “რუსეთის თავისუფლება” და “RDK” ოპერაციას ატარებენ ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე. ისინი ქმნიან „უსაფრთხო ზოლებს“ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ამის შესახებ GUR-ის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

”უკრაინას არაფერი არ აქვს საერთო ბელგოროდის შეჭრასთან, ინტერესით ვადევნებთ თვალს” – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის უფროსი თანაშემწე.

ვიდეოებს ადგილობრივები მასიურად იღებენ. გამოჩნდა კადრები, სადაც ჩანს, რომ უკრაინული ტექნიკა დგას რუსეთთან საზღვართან და კვეთს საზღვარს.

ქალაქში ევაკუაციის შესახებ საგანგაშო ცნობები ისმის რადიოსადგურებზე, რუსებს აფრთხილებენ, რომ ბელგოროდი მალე “გათავისუფლდება”.

“ბელგოროდი გახდება თავისუფალი!. ვიმეორებ, ქალაქ ბელგოროდის მაცხოვრებლებო, მოგიწოდებთ სასწრაფოდ ევაკუაციას, ქალაქში დარჩენა უსაფრთხო არ არის. ბელგოროდი გახდება თავისუფალი”, – ნათქვამია რადიოსადგურის ჩანაწერში.

დილის არეულობებზე პასუხისმგებლობა რუსმა პარტიზანებმა აიღეს. სოციალურ ქსელში „რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ევაკუაციის შესახებ შეტყობინება გაუმეორა და მიუთითა: „პუტინის ზომბებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვეხებით მშვიდობიანი მოსახლეობას და არ ვიყენებთ მათ ჩვენი მიზნებისთვის. თავისუფლება არის ახლოს!”

ასევე, სოციალურ ქსელში გამოჩნდა ბელგოროდის სასაზღვრო გამშვები პუნქტის განადგურების ვიდეო.

ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების ჯგუფი, სავარაუდოდ, ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე შევიდა.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი შევიდა ბელგოროდის გრაივორონსკის რაიონის ტერიტორიაზე. რუსეთის შეიარაღებული ძალები სასაზღვრო სამსახურთან, ეროვნულ გვარდიასთან და FSB-სთან ერთად იღებენ აუცილებელ ზომებს მტრის ლიკვიდაციისთვის.” – განაცხადა გლადკოვმა.

გუშინ, რუსული Telegram-ის არხები წერდნენ ბელგოროდის რეგიონში რუსეთის საზღვრის გარღვევაზე, “უკრაინელი დივერსანტების”მიერ თუმცა სხვა ტელეგრამ არხებზე უარყვეს აღნიშნული ინფორმაცია.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე აცხადებს, რომ ”ძალიან სწრაფად და საინტერესოდ ვითარდება მოვლენები დღეს დილიდან რუსეთ-უკრაინის სასაზღვრო ზოლზე”.

“დილიდან დაიწყო რუსეთის ბელგოროდის ოლქის რუსული პოზიციების საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვა. შვიდი განსხვავებული რუსული დასახლებული პუნქტის სამხედრო სამიზნეები ინტენსიურ ცეცხლშია გახვეული. უკრაინული დრონები ბომბავენ ბელგოროდს.

ამას მოჰყვა უკრაინული სატანკო ნაწილებისა და მძიმე ტექნიკის მიერ რუსეთი უკრაინის საზღვარზე მობილიზება და რუსული სასაზღვრო პუნქტის განადგურება რუსეთის ტერიტორიაზე გლოტოვოსა და კოზინკას მიმართულებით. კიდევ ერთხელ დაიბომბა შებეკინოც. საზღვარზე გარღვევის შემდეგ დაიწყო უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული ქვეითი ნაწილების შეტევა. რუსები აცხადებენ, რომ სინამდვილეში უკრაინის მხარეს მებრძოლ რუსებთან ერთად უკრაინელებიც მონაწილეობენ ქვეითების შეტევაშიო (ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა გამორიცხული არ არის). ზოგიერთი ცნობით დასახლება კოზინკა სრულად დაიკავეს რუსო-უკრაინულმა ნაწილებმა და კიდევ უფრო ღრმად უტევენ რუსულ პოზიციებსო. ახლა ბევრი ინფორმაცია დაუზუსტებელი თუ დაზუსტებული გავრცელდება. ამასთან, იმდენად სწრაფად იცვლება მოვლენები არავინ იცის რეალურად სად რა ვითარებაა.

შეტაკებები მიმდინარეობს სასაზღვრო დასახლებული პუნქტის დრონივკას სიახლოვესაც.

ინტენსიური იერიშის შემდეგ ბელგოროდის ოლქის დიდ ნაწილში გაითიშა დენი. ქალაქ ბელგოროდში სირენების ხმაა ჩართული.

სასაზღვრო ქალაქებში უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსი პარტიზანები გამოჩნდნენ, რომელთაც სამხედრო და ადმინისტრაციული შენობების ნაწილი დაიკავეს. შეტაკებები მიმდინარეობს ბეზლუდოვკასთანაც. უკრაინის მხარეს მებრძოლი ნაწილები კარგად არიან შეიარაღებულები. რუსული ტერიტორიული დაცვის რაზმები ვერ უწევენ ეფექტურ წინააღმდეგობას რუსო-უკრაინულ შეტევას.
უკვე გაიჟღერა რუსეთის ტერიტორიაზე “ბელგოროდის სახალხო რესპუბლიკის” გამოცხადების იდეამაც. რაც თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ზეწოლაა რუსეთზე და ამასთან იმის ჩვენებასაც ემსახურება, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ძალიან სუსტად იცავენ სასაზღვრო პერიმეტრს. ამასთან, რუსული მოსახლეობა თუკი უფრო მეტ კითხვას დასვამს ქვეყნის უძლეველობის მითთან დაკავშირებით უფრო დიდი შანსია ვიხილოთ რაიმე სახის ცვლილებები ქვეყნის შიგნით.

გარდა ამ ყველაფრისა, ეს უკრაინული კონტრშეტევის წინ მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციაა, რომლის შესაჩერებლადაც რუსეთს ფოკუსის ამ მიმართულებით გადატანა მოუწევთ და მოგერიების შემთხვევაში მთელ საზღვარზე სამხედროთა განთავსებაზეც იფიქრებენ. ნაკლებად სავარაუდოა დაკავებული ადმინისტრაციული შენობების შენარჩუნების მცდელობა ვიხილოთ უკრაინის მხარეს მებრძოლთა მხრიდან, ამ ყველაფერს აქვს ძლიერი ფსიქოლოგიური და სამხედრო რეიდის ხასიათი და არა სრულმასშტაბიანი იერიშისა, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ახლა კიდევ ერთი დიდი სამხედრო და რეპუტაციული ზიანის მიყენებას ვადევნებთ თვალს”- აცხადებს გიორგი კობერიძე.

ე.წ. ბელგოროდის სახალხო რესპუბლიკის დროშა და სამხედროები ამ ტერიტორიაზე:

 

ბელგოროდის რეგიონი. ვითარება გრეივორონსკის რაიონში 15:45 საათზე