სიენენზე გასული რეპორტაჟიდან ჩანს, რომ რუსი ჯარისკაცების ახლობლები, ძირითადად ქალები, საკუთარ ქმრებს, შვილებს და ძმებს უკრაინულ ცხელ ხაზებზე ეძებენ. ისინი ამბობენ, რომ ახლობლებთან კონტაქტი დიდი ხანია აღარ ქონიათ და არაფერი იციან მათი ბედის შესახებ. მათ აინტერესებთ, ხომ არ არიან მათი ახლობლები გარდაცვლილთა ან ტყვედ ჩავარდნილთა სიაში.
უკრაინული სამთავრობო ცხელი ხაზის წარმომადგენელი ამბობს, რომ მათ უკვ ე 6000 ზარი მიიღეს რუსებისგან, რომლებიც თავიანთი ახლობელი რუსი ჯარისკაცების ბედით ინტერესდებიან. ზოგი მათგანი ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრი, რომელიც რუსულ ჯარში მსახურობს, კონტაქტზე 23 თებერვლის შემდეგ აღარ გამოსულა.
სიენენი რამდენიმე ემოციურ ჩანაწერსაც აქვეყნებს, საიდანაც ჩანს, რომ ზარების ავტორები მძიმე მდგომარეობაში არიან და ჯარისკაცების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. მათი ნაწილი ამბობს, რომ მათი ახლობლები დამნაშავეები არ არიან და ისინი უკრაინაში საბრძოლველად მოტყუებით წაიყვანეს. ერთ–ერთი ჯარისკაცის მამა ამბობს, რომ მათ შვილებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ.
უკრაინული ცხელი ხაზის წარმომადგენელი ამბობს, რომ ისინი ცდილობენ რუსებს ახლობლების მოძებნაში დაეხმარონ, თუმცა ამას ხშირად ვერ ახერხებენ.
ზარები უკრაინულ ცხელ ხაზზე კონკრეტული რუსი ჯარისკაცების ბედის გასაგებად ევროპიდან და ამერიკიდანაც შედის. მაგალითად, ამერიკაში მცხოვრები ერთ–ერთი მამაკაცი ერთ–ერთ რუს ჯარისკაცს ეძებს, რომელსაც მშობლები დიდი ხანია არ ყავს, ლოგინად ჩავარდნილ ბებიას კი მის შესახებ ინფორმაცია უკვე მესამე კვირაა არ აქვს.
ჯარისკაცების ახლობლები ამბობენ, რომ მათ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არავითარ ინფორმაციას არ აძლევს. ზედმეტი კითხვების დასმას კი ვერ ბედავენ, რადგან რუსეთში ხალხი ტოტალურად შეშინებულია.