რუსმა პროსახელისუფლო ჟურნალისტმა და დუმის დეპუტატმა, ევგენი პოპოვმა ბიბისი–სთან საუბარში აღიარა, რომ ოდესის პორტზე შეტევა რუსული რაკეტებით მიიტანეს.
ის ამტკიცებს, რომ რუსული დარტყმის სამიზნე იყო სარაკეტო სისტემები, რომლებიც პორტში იყო განლაგებული.
“ჩვენ დავარტყით სამხედრო ინფრასტრუქტურას ოდესის პორტში. და თქვენ კარგად იცით რაკეტების დასახელება. ეს არის რაკეტები “გარპუნი“. ისინი ოდესაში იყო ბაზირებული და ჩვენ ისინი გავანადგურეთ“– თქვა მან ინგლისურ ენაზე.
“ამ შეტევის შედეგად არავინ დაღუპულა და არავინ დაზიანებულა“– თქვა მან.
მანამდე ოდესის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად არიან დაჭრილები, თუმცა მათი რაოდენობა არ დაუსახელებია.
პოპოვ ამბობს, რომ რუსულ მხარეს სტამბულის შეთანხმება არ დაურღვევია და მათ უბრალოდ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა დაანგრიეს.
რამდენიმე საათით ადრე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ რუსეთის წარმომადგენლებმა ანკარასთან საუბარში გამორიცხეს რუსეთის მონაწილეობა ოდესაზე სარაკეტო შეტევებში.