დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალებმა (VDV) უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე შესამჩნევი ტაქტიკური მარცხი განიცადეს, მათ შორის, მარტში გოსტომელის აეროდრომის გავლით კიევში წინსვლის მცდელობისას, აპრილში იზიუმის მიმართულებით, ხოლო ბოლოს მდინარე სევერსკი დონეცის წარუმატებელი გადაკვეთისას.
დაზვერვის ცნობით, რუსული დოქტრინის მიხედვით, საჰაერო სადესანტო ძალები გამოიყენება რთული ოპერაციების განსახორციელებლად, მათი რაოდენობა 45 ათასია, რომლებიც ძირითადად პროფესიონალი საკონტრაქტო ჯარისკაცები არიან, სარგებლობენ ელიტური სტატუსით და იღებენ დამატებით ანაზღაურებას. ბრიტანეთის განცხადებით, ამ ნაწილებმა დიდი დანაკარგები განიცადეს შეჭრის დროს.
ბრიტანეთის შეფასებით, რუსეთი ამ პოტენციალს სტრატეგიულად არასწორად მართავს და არ აქვს უნარი, უზრუნველყოს საჰაერო უპირატესობა.
”უკრაინაში საჰაერო-სადესანტო ძალების ბოროტად გამოყენებამ ცხადყო, თუ რა გამოიწვია პუტინის ინვესტიციების მნიშვნელოვანმა დისბალანსმა სამხედრო სფეროში ბოლო 15 წლის განმავლობაში.
უკრაინის წინააღმდეგობის არგათვალისწინებამ და რუსი მეთაურების თვითკმაყოფილებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი დანაკარგები ბევრ რუსულ ელიტარულ ქვედანაყოფში”,– აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.