რუსული არმია ემზადება მოძველებული საბჭოთა ტექნიკის გამოსაყენებლად – უკრაინა

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, რუსული არმია ემზადება მოძველებული საბჭოთა სამხედრო ტექნიკის გამოსაყენებლად.

მათი თქმით, უკრაინის არმიის მტკიცე წინააღმდეგობამ და მდგრადობამ შეაფერხა რუსეთის გეგმები მოკლევადიან პერსპექტივაში მიზნის მიღწევის შესახებ და დიდი დანაკარგების გამო რუსულ არმიას პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის მუდმივი შევსების აუცილებლობა შეექმნა.

“საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად რუსეთის შეიარაღებული ძალები სულ უფრო ხშირად იყენებენ საბჭოთა წარმოების ტექნიკას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში (1970-იანი წლებიდან) იყო შენახული. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა საარტილერიო და სარაკეტო დანაყოფების შესაძლებლობების გაზრდას უკრაინის ქალაქების უწყვეტი დაბომბვის განსახორციელებლად”,– წერია უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს იარაღის არსენალებიდან სხვადასხვა აღჭურვილობის ამოღება და საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენა.