უკრაინაზე თავდასხმიდან ერთი თვის თავზე რუსული არმია უკრაინაში ვერცერთ ქალაქს ვერ აკონტროლებს, კიევზე და ნიკოლაევზე შეტევა კი პრაქტიკულად შეჩერებულია.
მუდმივი დაბომბვის ქვეშ მყოფი ხარკოვი და მარიუპოლი არ ნებდებიან. ერთადერთი საოლქო ცენტრი, რომელიც რუსებმა აიღეს, ხერსონია, რომლის მოსახლეობა ომამდე 300 ათასს უახლოვდებოდა.
რა არის მოსალოდნელი ომის შემდეგ ეტაპზე
კრემლში ამტკიცებენ, რომ “სპეცოპერაცია“ გეგმის მიხედვით მიდის, თუმცა ამის მტკიცებას რუსეთის ყველა ოფიციალური პირი აღარ ცდილობს. “ოპერაცია ისე სწრაფად არ მიდის, როგორც ვისურვებდით“ – აღიარა საჯაროდ როსგვარდიის მეთაურმა ვიქტორ ზოლოტოვმა.
რუსული შეტევის ცუდ ტემპებს აღიარებენ რუსული სახელმწიფო ტელევიზიის ეთერშიც. პროსახელისუფლო კომენტატორები ამას ადგილობრივ მოსახლეობაზე ზრუნვით ხსნიან – თითქოს რუსულ არმიას უფრო სწრაფი წინსვლა შეეძლო, მაგრამ სპეციალურად არ ჩქრაობს.
თუმცა, ყველა დამოუკიდებელი ექსპერტი ამ ვერსიას ერთხმად უარყოფს: უკრაინაში საცხოვრებელი კვარტლების და საავადმყოფოების მასობრივად დაბომბვა და განადგურება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული ფაქტია.
ამჟამად სამხედრო მოქმედებების სცენა სამ პირობით ფრონტად შეიძლება გაიყოს, საიდანაც ორზე რუსული შეტევა ფაქტიურად შეჩერდა – თვლის აშშ–ს სამხედრო–საზღვაო ანალიზის ცენტრის რუსეთის პროგრამის დირექტორი, მაიკლ კოფმანი.
მისი აზრით, ამ ორიდან ერთ ფრონტზე – კიევთან, რუსული არმია პოზიციების გამაგრებას ცდილობს, თუმცა უკრაინის დედაქალაქის ალყაში მოქცევა ვერა და ვერ მოახერხა, ახალი შეტევა კი ახლო მომავალში სავარაუდოდ აღარც იგეგმება. ყირიმის მხრიდან შეტევა კი, სადაც რუსულმა არმიამ შედარებით წარმატებას მიაღწია და ხერსონის ოლქის ცენტრის აღება შეძლო, ასევე გაჭედილია, და უშუალო საფრთხეს ნიკოალაევისა და ოდესისთვის არ წარმოადგენს.
“უახლოეს მომავალში ოდესაში საზღვაო დესანტის გადასმას ან რუსეთის არმიის გადასროლას დნესტრისპირეთში ჩვენ ვერ ვიხილავთ, და შესაძლოა საერთოდაც ვეღარ ვიხილოთ, ყოველ შემთხვევაში ომის ამ ეტაპზე“– წერს კოფმანი.
მას ეთანხმება აშშ–ს საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, რობ ლი:
“საზღვაო დესანტის გადასმა დიდი რისკია. გადასმის მცდელობისას უკრაინულმა ძალებმა შეიძლება რუსულ ხომალდებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნან“– ამბობს ლი ბიბისი–სთან ინტერვიუში.
მას ასეთი სცენარის მაგალითად მოჰყავს სამშაბათს მარიუპოლთან საპატრულო კატერ “რაპტორის“ განადგურება ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსიდან. შესაბამისი კადრები უკრაინულმა პოლკმა “აზოვმა“ გამოაქვეყნა.
ოდესაში დესანტის გადასმისთვის რუსულ ძალებს პირადი შემადგენლობა არ ეყოფათ – თვლიან კვლევითი ჯგუფის – Conflict Intelligence Team–ის წევრები.
“რუსეთის საზღვაო ძალების ყველა ფეხოსანი ბრიგადა, რომლებიც უკრაინაშია გადასროლილი, ასე თუ ისე უკვე ჩართულია ბრძოლებში“– ნათქვამია მათ ანგარიშში.
ლი თვლის, რომ რუსული არმიის დანაკარგებმა აიძულა მოსკოვი “ოპერაცის“ ამოცანები შეემცირებინა და ამ მომენტისთვის რუსების შეტევა კიევისთვის პირდაპირ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. რაც შეეხება ოდესის მომავალს, იქ საკვანძო ფაქტორი კვლავ მეზობელი ნიკოლაევის ბედი იქნება.
ნიკოლაევთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა, თუმცა ლის აზრით, არის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უკრაინულმა ძალებმა შეტევის მოგერიება შეძლეს და კონტრშეტევაზეც კი გადავიდნენ.
ის ვარაუდობს, რომ ამ ეტაპზე რუსულმა არმიამ შეიძლება ქალაქის აღებაზე უარი თქვას: ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ რუსებმა საკუთარი ავიაცია გაიყვანეს ჩერნობაევკას აეროდრომიდან, რომელიც ოკუპირებულ ხერსონთან მდებარეობს.
თანამგზავრული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ამ აეროდრომზე რამდენიმე რუსული სამხედრო ვერტმფრენი განადგურდა.
რუსული არმიის შეცდომები
“თავიდანვე რუსული არმიის ძალისხმევას კონცენტრაცია აკლდა. მეტისმეტად დიდი ძალები იყო კონცენტრირებული სხვადასხვა შეტევის ხაზებზე“– თვლის კოფმანი.
რობ ლი ვარაუდობს, რომ იმ გასაიდუმლოებულმა გარემომ, რომელშიც უკრაინაზე თავდასხმა მზადდებოდა, შეტევაში მონაწილე არმიის ნაწილებს, ქვედანაყოფებსა და სახეობებს შორის კოორდინაციის სრული არარსებობა გამოიწვია.
ნებისმიერი მაშტაბური სამხედრო ოპერაცია ოფიცრებისგან მოქმედებების უამრავი ვარიანტის გააზრებას და მომზადებას მოითხოვს, ეს კი შეუძლებელია გაკეთდეს, როცა ცენტრალური მეთაურობის მხრიდან გეგმის დეტალები არ არსებობს.
“რუსულმა არმიამ ომი ამბიციური გეგმებით დაიწყო – ცდილობდნენ ყველაფრისთვის მაშინვე მიეღწიათ. ისინი ერთბაშად წავიდნენ კიევისკენ, ოდესისკენ, მარიუპოლისკენ, შეეცადნენ ხარკოვის და სუმის ალყაში მოქცევას. თუმცა, მათ ამისთვის ძალები არ ეყოთ“– ამბობს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ რუსები საკუთარ კომუნიკაციასაც კი ყოველთვის ვერ შიფრავენ. ამერიკელი სამხედროების მონაცემებით, ერთ–ერთი რუსი გენერალი უკრაინაში იმის შედეგად მოკლეს, რომ ჩვეულებრივი მობილური ტელეფონი გამოიყენა.
New York Times წერს, რომ უკრაინულმა დაზვერვამ ზარის “გადაჭერა“ შეძლო, გენერლის ადგილმდებარეობა დაადგინა და დარტყმა მიაყენა.
უკრაინული მხარე მრავალი მაღალჩინოსანი რუსი სამხედროს განადგურებაზე საუბრობს, მათ გვარებს და წოდებებს ასახელებს, რუსული მხარე კი არცერთ დანაკარგს არ ადასტურებს.
რობ ლი აღნიშნავს, რომ რუსი სამხედროები უკრაინის საჰაერო სივრცეს ვერ აკონტროლებენ, რაც უკრაინელებს საშუალებას აძლევს საკუთარი ჯარის ქვედანაყოფები მოამარაგონ და პირადი შემადგენლობა შეავსონ.
სხვადასხვა სპეციალისტები თანხმდებიან, რომ რუსულმა სამხედრო ხელმძღვანელობამ არასათანადოდ შეაფასა უკრაინული არმიის სამხედრო მომზადება და საბრძოლო სულისკვეთება.
“ჩემი აზრით, პუტინმა ორი კლასიკური შეცდომა დაუშვა. პირველი – მან სათანადოდ ვერ შეაფასა საკუთარი მოწინააღმდეგე. და მეორე – მან გაზვიადებულად შეაფასა საკუთარი არმიის და სამხედრო–საჰაერო ძალების ხარისხი და შესაძლებლობები. იმ ინფორმაციით, რაც ჩვენ გვაქვს, ახლა რუსებს ჰაერში მნიშვნელოვანი უპირატესობა არ გააჩნიათ“– თვლის გადამდგარი ამერიკელი გენერალი რიჩარდ შირეფი, რომელიც წარსულში ევროპაში ნატოს ძალების მეთაურის მოადგილე იყო.
ბრძოლა დონბასისთვის?
კიევის და ოდესის აღების მცდელობის ნაცვლად რუსული ძალები დონბასზე არიან კონცენტრირებული და შეეცადნენ, “გაერთიანებული ძალების ოპერაციის“ არეალში უკრაინული ძალები ალყაში მოექციათ – ამბობს რობ ლი.
“არ ვფიქრობ, რომ ეს ომი დამთავრდა. რუსულ სამხედრო ძალებს კვლავ შეუძლიათ უკრაინულ არმიას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ, და ეს არეალი კვლავ ყველაზე რთული მიმართულება იქნება. თუმცა, უკრაინული წინააღმდეგობა კვლავ ძალიან ძლიერია“– ამბობს ლი.
უახლოეს კვირებში საკვანძო ფრონტი მარიუპოლი და დონბასი იქნება – ეთანხმება ლის კოფმანი და ელის, რომ რუსეთი შეეცდება აქ მოწინააღმდეგე ალყაში მოამწყვდიოს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ერთდროული შეტევით.
ექსპერტი ვარაუდობს, რომ მოსკოვი მიზეზს ეძებს გამარჯვება გამოაცხადოს და დონბასის აღება შეიძლება სწორედ ასეთ მოვლენად იქცეს. ამის შემდეგ კი კრემლი შეიძლება შეეცადოს კიევი დათმობებზე წაიყვანს ამ ტერიტორიებზე კონტროლის გამოყენებით.
“შევიდა თუ არა ომი ჩიხში? დიახ და არა. რუსულ ძალებს შეუძლიათ ნელ–ნელა წინ წაიწიონ დონბასში. ვფიქრობ, უკრაინული არმია შეძლებს ფრონტების დიდ ნაწილზე პოზიციები შეინარჩუნოს და ზოგან კონტრშეტევაზეც გადავიდეს. თუმცა, გამოფიტვა უდაოდ ორივე მხარეზე აისახება.“– ამბობს კოფმანი.