რუსული გამოძიება საქართველოსაც ასახელებს იმ ქვეყნებს შორის,რომლებიც ყირიმის ხიდზე აფეთქებულმა სატვირთომ მანამდე გაიარა

რუსეთის პრეზიდენტმა ყირიმის ხიდის აფეთქებაში უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ამის შესახებ მან რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელთან, ალექსანდრ ბასტირკინთან შეხვედრისას განაცხადა.

პუტინის თქმით, ხიდის აფეთქების ავტორები, შემკვეთები და შემსრულებლები უკრაინის სპეცსამსახურები არიან.

“ეს არის ტერაქტი, მიმართული რუსეთის ფედერაციის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. აფეთქების ავტორები, შემსრულებლები და დამკვეთები უკრაინის სპეცსამსახურები არიან“–თქვა პუტინმა.

თავის მხრივ, ბასტირკინმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების საქმე ტერორიზმის მუხლით აღიძრა. მან პუტინს მოახსენა, რომ “ტერაქტის“ მზადებაში უკრაინის სპეცსამსახურებს რუსეთის მოქალაქეებიც ეხმარებოდნენ უცხოეთის ქვეყნებიდან.  ბასტირკინმა პუტინისთვის ანგარიშის ჩაბარებისას ასაფეთქებლით დატვირთული მანქანის უცნაური  მარშრუტი დაასახელა:

“ჩვენ უკვე დავადგინეთ სატვირთო ავტომანქანის მოძრაობის მარშრუტი,  რომელიც ხიდზე აფეთქდა: ბულგარეთი, საქართველო, სომხეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, კრასნოდარის მხარე. გარდა ამისა, დადგენილია გადამყვანები – პირები, რომლებიც ამ ავტობუსის მოძრაობას უწევდნენ ორგანიზებას. ფეესბეს ოპერატიული თანამშრომლების მიერ მოხერხდა ეჭვმიტანილების დადგენა მათ შორის, ვისაც შეეძლო ტერაქტი მოემზადებინა, და იმ ადამიანებისა, ვინც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქმედებენ.“–ხაზი გაუსვა ბასტირკინმა.