რუსულმა თვითმფრინავმა გაძევებული დიპლომატების ასაყვანად, შემოვლითი გზით, ევროპის გარშემო იფრინა

ევროკავშირის ფრენის აკრძალვის გამო, რუსულმა თვითმფრინავმა გაძევებული დიპლომატების ასაყვანად, შემოვლითი გზით, ევროპის გარშემო იფრინა. ინფორმაციას ამის შესახებ, FlightRadar24-ი ავრცელებს.  მოსკოვიდან გაგზავნილი თვითმფრინავი, საბერძნეთიდან და შემდეგ ესპანეთიდან გაძევებული რუსი დიპლომატების ასაყვანად, იძულებული გახდა 15 163 კილომეტრიანი შემოვლითი გზით ეფრინა.

“მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთმა და საბერძნეთმა ერთჯერადი გამონაკლისის სახით თვითმფრინავების საჰაერო სივრცეში შესვლისთვის ნება დართო, ფრენები არ შესრულდა ქვეყნებში, რომლებიც ინარჩუნებენ აკრძალვას რუსული ფრენების შესახებ… ფრენის მთლიანი სიგრძე იყო 15,163 კმ. რუსულმა თვითმფრინავმა, თითქმის, ისეთივე გრძელი მანძილი გაიარა, როგორიცაა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფრენა სინგაპურსა და ნიუ-იორკს შორის”, – ნათქვამია ვებსაიტზე გავრცელებულ განცხადებაში. 

”რუსეთი აგრძელებს ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან გაძევებული დიპლომატების შეგროვებას, მათ უნდა გაიარონ გრძელი გზა – ძალიან გრძელი გზა მათ მოსაპოვებლად” –  წერია,  FlightRadar24-ის მიერ გავრცელებულ ტვიტზე.