სააკაშვილი აღფრთოვანებული დარჩა არჩევნების შედეგებით – ხერხეულიძე

“სააკაშვილი აღფრთოვანებული დარჩა არჩევნების შედეგებით ” – ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც ხერხეულიძე აცხადებს, სააკაშვილი მიღებული შედეგებით კმაყოფილია და ოპოზიციას ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდებს.

”სრულად აღფრთოვანებული დარჩა იმ შედეგებით რაც მას ვუთხარი, განსაკუთრებით თბილისის მონაცემი იყო მისთვის შთამბეჭდავი, ესმის რა ბრძოლა გაიარა ქართველმა ხალხმა, რა წნეხის ქვეშ მიიღო გადაწყვეტილება. იცის რომ გაცილებით მაღალი პროცენტია ოპოზიციის მაჩვენებელი.

მას ვკითხე რამდენად სწორად მიაჩნია მეორე ტურში მონაწილეობის მიღება. ცალსახად თქვა, რომ გამარჯვების ხელიდან გაგდება არის გაუმართლებელი, ბოლომდე უნდა იბრძოლოს ქართველმა ხალხმა.განსაკუთრებული სიმტკიცე, განსაკუთრებული ძალისხმევა თხოვა ნიკა მელიას,  იმისთვის რომ მან ეს თავისი დიდი  მონაპოვარი ბოლო გამარჯევამდე მიიყვანოს.”, – თქვა ეკა ხერხეულიძემ.