საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კვლავ მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას, გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ყველა ვიდეო კადრი და შუალედური დასკვნა გამოძიებასთან დაკავშირებით.
სააკაშვილის თქმით, თოლორაიას ვალდებულებაა, საზოგადოებას სიმართლე გააცნოს.
“მგონი გესმით, რომ ამის შემდეგ, არცერთი სახელმწიფო ორგანო აღარ ითანამშრომლებს – ვერ შედგება ვერც ექსპერტიზა და ვერც დამატებით კადრებს ვეღარ მიიღებთ, რაზეც უკვე ხმამაღლა განაცხადა სუს-ის მივლენილმა პირმა.
თქვენი ვალდებულებაა, სიმართლისა და ისტორიის წინაშე გააცნოთ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას ის, რაც გაქვთ ხელთ, მაგრამ ყოველი დღის გასვლის შემდეგ, ეს შესაძლებლობა გიმცირდებათ. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები უკვე კარგად აწარმოებენ მოლაპარაკებებს თქვენს თანამშრომლებთან.
ქალბატონო ლონდა, მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ მეც და თქვენც ახლა საერთო მოკავშირე გვყავს – ქართული საზოგადოება, რომელსაც თქვენ მიმართ დიდი სიმპათია გაუჩნდა. თქვენც, მეც და საზოგადოებაც დაინტერესებული ვართ სიმართლის დადგენით და ნუ გავუცრუებთ მათ იმედს!”,– წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.