საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ სასამართლო პროცესებს ფიზიკურად დაესწროს.

„მას სურვილი აქვს, რომ სასამართლო პროცესებს ფიზიკურად დაესწროს, ამას გავივლით. გარდა ამისა, მოწმეთა რიგითობის საკითხებზე შევჯერდებით. ვეტყვი რას ვფიქრობ, როგორ ვფიქრობ. იქ არიან ამერიკელი, ინგლისელი, უკრაინელი და ქართველი ექსპერტები. ეს ტექნიკური და ლოჯისტიკური საკითხები გვაქვს გასავლელი. გარდა ამისა, ბოლო დღეებში უკიდურესად დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახლა გამოვითხოვ მისი ავადმყოფობის ისტორიის ბოლო ჩანაწერებს. რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, დარჩენილი არიან მნიშვნელოვანი ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი, მისი მძიმე ავადმყოფობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ეს არის ის ძირითადი საკითხი, რასაც ისინი გააჟღერებენ, შემდეგ დიაგნოზებს იტყვიან, უნდა დაასაბუთონ რა კვლევებით, რა მსჯელობით, რა სამეცნიერო მეთოდიკით მივიდნენ ამ დიაგნოზამდე. შევუთანხმებ ასევე მიხეილ სააკაშვილს, მოვითხოვთ პროცესები ჩატარდეს ყოველდღიურ რეჟიმში, მათ შორის თუნდაც 09:00 საათიდან ღამის 12 საათამდე“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.