საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში.
“აშშ ყურადღებით აკვირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაღელვებს მისი ჯანმრთელობა. როგორც კონსილიუმმა შეაფასა, მას სჭირდება გადაუდებელი მკურნალობა. ასევე, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ იმ დაწესებულებაში, სადაც ის იმყოფება, არ არის შესაბამისი და საკმარისი პირობები იმისათვის, რომ მას გაეწიოს საჭირო სამედიცინო დახმარება. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყოს, რომ სააკაშვილმა მიიღოს სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ, სათანადო დაწესებულებაში”,- აცხადებს დეგნანი.
ის ასევე ითხოვს საქართველოს მთავრობისგან, მესამე პრეზიდენტს მოეპყრონ ღირსებით, რადგან ეს მათი პასუხისმგებლობაა.
“ცხადია, ეს არის ძალიან სენსიტიური სიტუაცია და პრიორიტეტია, რომ პაციენტის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობა იყოს დაცული. ასე რომ, ჩვენი ძალიან ძლიერი მოწოდება საქართველოს მთავრობის მიმართ არის, რომ მოხდეს მისი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მას მოეპყრონ ღირსებით, საერთაშორისო სტანდარტებით და კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა ქვეყანაში ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყოს მისი მკურნალობა სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში”,- აღნიშნავს კელი დეგნანი.
ელჩი ასევე მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, მიიღოს ექიმების რეკომენდაციები.