სააპელაციომ გიორგი ბაჩიაშვილის 11-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმის განხილვა დასრულდა. სასამართლოს კოლეგიამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. თანხის მითვისების ნაწილში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – 11 წლით, რაც საბოლოო სასჯელად დარჩა.

ბაჩიაშვილის ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით იყო წარდგენილი, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებით.