სააპელაციოს გადაწყვეტილებაზე უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავ – აცხადებს, სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.
“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს სახალხო დამცველმა, ე.წ. რეკლამების ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სახალხო დამცველის შეფასებით, დაუშვებელი იყო ნიკა გვარამიას მსჯავრდება მის მიერ მენეჯერული გადაწყვეტილების მიღებისთვის (ე.წ. რეკლამების ეპიზოდი), რაც შესაძლებელია თეორიულად გამხდარიყო სამოქალაქო სამართლებრივი დავის საგანი, მაგრამ არა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი.
სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო და არ გაითვალისწინა სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნის ფუნდამენტური პრინციპები. სააპელაციო სასამართლომ კი, ხსენებული სამართლებრივი საკითხების სწორად შეფასების ნაცვლად, კიდევ უფრო მძიმე გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამიას მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოიყენა იმ ქმედების გამო, რომელიც თავისი შინაარსით სამოქალაქო სამართლებრივია და რომლის სისხლისსამართლებრივად მიჩნევის მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ე.წ. მანქანის ეპიზოდში ნიკა გვარამიას მსჯავრდებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი პრობლემური იყო ამ ეპიზოდშიც. ერთი მხრივ, საკითხი მნიშვნელოვანწილად ჰგავდა საკორპორაციო-სამართლებრივ ჭრილში ე.წ. რეკლამების ეპიზოდს, მეორე მხრივ კი არსებით გარემოებებთან დაკავშირებით სრულიად დაუსაბუთებელი იყო”.- აღნიშნულია განცხადებაში.