საარჩევნო პროცესში სავარაუდო დარღვევის 6 ფაქტზე გამოძიება დაიწყო – შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ნინო ცაციაშვილის განცხადებით აცხადებს, საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევების 6 ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით დაიწყო.

კერძოდ:

  •  თბილისში, დიდი დიღმის მე-3 მ/რაიონში, N40 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტის – ზვიად კუპრავას ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
  •  ქუთაისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, N13-ში მდებარე N20-ე საჯარო სკოლაში განთავსებული 37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარტია “ლეიბორისტების” ქუთაისის მერობის კანდიდატმა – ირაკლი კიკვაძემ განაცხადა, რომ უცნობმა პირებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასთან დაკავშირებითაც დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით.
  • ასევე გამოძიება დაიწყო თბილისის ისნის N39, მარნეულის რაიონი, სოფელ დაშტაფის N52 და სოფელ ყიზილაჯლოს N89 საარჩევნო უბნებზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, ამ სისხლის სამართლის საქმეებზე ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

“რამდენიმე მედიამ ყურადღება გაამახვილა ცალკეულ რეგიონებში საპოლიციო ძალების და ტექნიკის მობილიზებაზე. აღნიშნულის შესახებ ჩვენ გუშინაც გავავრცელეთ განცხადება და ინფორმაცია მივაწოდეთ როგორც საზოგადოებას, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს”,- თქვა ნინო ცაციაშვილმა.