მოქალაქეების ლიდერი, ლევან იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ცვლილებები, რომელიც 2 მარტს დაინიცირდა, წინასაარჩევნო პრობლემებს ვერ მოხსნის, თუმცა არჩევნების დღეს გაყალბებას მინიმუმამდე დაიყვანს.
“ამ ცვლილებების თანახმად შემოდის ელექტრომთვლელი მანქანები, გადათვლის სავალდებულო 10 პროცენტი, რეგისტრაციის ელექტრონული მექანიზმები, თითის ანაბეჭდები და უამრავი სხვა რამ, რომელიც არჩევნების დღეს პრაქტიკულად გაყალბებას დაიყვანს მინიმუმამდე. არჩევნების დღეს ჩარევა და მანიპულაცია იქნება ძალიან რთული.
ეს, რა თქმა უნდა, ყველა პრობლემას ვერ მოხსნის, ვერ მოხსნის პრობლემებს, რომელიც უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს, მოსყიდვას, გავლენას და ზემოქმედებას, მაგრამ არჩევნების დღეს პრობლემები უნდა იყოს მინიმიზირებული, რომ მეორე დღეს აღარ დაგვხვდეს გადასწორებული ოქმები, ასეთი უნდობლობა, როგორიც ახლა გვქონდა და საბოლოო ჯამში ის აღარ გახდეს მოქალაქეების, პოლიტიკური პარტიების და ჩვენი საზოგადოების დაპირისპირების საგანი,”- განაცხადა იოსელიანმა.
მისივე თქმით, თუ ოპოზიციას ცვლილებების შესახებ “დამატებითი მოსაზრებები” აქვს, პროცესში მონაწილეობა მიიღონ.
“ჩვენ მოვაწერეთ მემორანდუმს ხელი და კონკრეტული შედეგი დავდეთ მაგიდაზე. თუ ვინმეს აქვს ამბიცია, რომ მეტი გააკეთოს, გააკეთოს, კი ნუ ლაპარაკობს და ჩვენ კი ნუ გვაკრიტიკებს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, გააკეთონ უკეთესი და ჩვენ მხოლოდ მივესალმებით,”- თქვა იოსელიანმა.