საახალწლო პროდუქციის გაყიდვას “სუფთა სახლის” მსგავსად, “ფრესკოსაც” უკრძალავენ

მაღაზიათა ქსელებს  “სუფთა სახლს” და “ფრესკოს” საახალწლო პროდუქციის გაყიდვა აკერძალათ. დამადასტურებელ ფოტოს ერთ-ერთი  მომხმარებელი, ფეისბუქზე ავრცელებს, რომელზეც ჩანს, მაღაზიაში, საახალწლო სათამაშოებზე გაკრული წარწერა – “არ იყიდება ეს პროდუქცია 24.12.2020 დეკემბრამდე”

“ახლა ვიყავი მაღაზია ფრესკოში და სრულიად გაოგნებული გამოვედი იქიდან. თურმე, მთავრობის დადგებილების გამო, ფრესკოში შესულებმა შეგიძლიათ შეიძინოთ პური, კოკა-კოლა, სარეცხის ფხვნილი, შამპუნი და ა.შ, მაგრამ არ შეგიძლიათ შეიძინოთ მაგალითად ნათურა, ან ელემენტები, რომლებიც იქვე დევს, მაგრამ შეფუთულია, შემთხვევით რომელიმე მომხმარებელმა რომ არ აიღოს და ,,კრიმინალად” არ იქცეს.

ყველანაირ რეკომენდაციას ვიცავ, მიუხედავად იმისა ობიექტურად სწორად მიმაჩნია თუ არა (ვფიქრობ, ახლა ამის გარჩევის დრო ნაკლებადაა), საჯაროდაც არაერთხელ მომიწოდებია რეკომენდაციათა დაცვისთვის, მათ შორის ეკლესიის ამბიონიდანაც, მაგრამ ვერაფრით, ვერაფრით ვხვდები თუ ადამიანს მაღაზიაში უშვებ, იმ მარაზიაში მაინც შედის, იქ ისედაც დადებული პროდუქტებიდან რომელს იყიდის რა მნიშვნელობა აქვს, რას ცვლის?
მთავრობა ასეთი აბსურდული აკრძალვებით მიაღწევს იმას, რომ ხალხს სრულად გაუქრება ნდობა იმ ადამიანებისადმი, ვინც რეკომენდაციებს გასცემენ და ეს ყველაფერი სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანს. “- წერს ფეისბუქზე მომხმარებელი.

საქართველოს მთავრობა არ ადასტურებს, რომ საკოორდინაციო საბჭომ, რომელიმე მაღაზიას, მათ შორის, “სუფთა სახლს”  შეზღუდვები დაუწესა საახალწლო პროდუქციაზე. ამის მიუხედავად, მაღაზიათა ქსელის “ფრესკოს” მომხმარებელი, სოციალურ ქსელში სტატუს ავრცელებს, რომლის მიხედვით, “ფრესკოში” სასურსათო პროდუქცია იყიდება, საახალწლო განათებების და სათამაშოების შეძენა კი მომხმარებელს არ შეუძლია.