მიმდინარე წლის სექტემბრიდან საბურთალოს რაიონში საათობრივი პარკირების სისტემა ამუშავდება. საბურთალოს ტერიტორიაზე ავტომანქანის ერთი საათით გაჩერების საფასური 1 ლარი იქნება რაც იმას ნიშნავს, რომ ფიქსირებულ პარკირების გადასახადთან, მოქალაქეებს დამატებით, საათში ერთი ლარის გადახდა მოუწევთ. მაგალითად, იმ ადამიანებს, ვინც მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობენ „თბილისი პარკინგის“ საფასურთან ერთად, დღეში დამატებით 10 ლარის გადახდა მოუწევთ.
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან საბურთალოს რაიონში ამოქმედდება, რამდენიმე გამზირსა და ქუჩას მოიცავს.
პარკირების ახალი სისტემა ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირზე სრულად, მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩებს (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე) მოიცავს. გარდა ამისა, ზონალურ-საათობრივი პარკირება იმოქმედებს ყაზბეგის გამზირზე (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე) და ვაჟა-ფშაველას გამზირზე (ბექას ქუჩის კვეთამდე).
მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, პეკინისა და ყაზბეგის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 აგვისტოდან, ათი საინფორმაციო პავილიონი განთავსდება, სადაც მოსახლეობა რეგისტრაციასა და დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებს.
ფიზიკურ პირს, რომელიც ზონალური პარკირების არეალში უძრავ ქონებას ფლობს, შეუძლია, მის მიერ წინასწარ მითითებული სატრანსპორტო საშუალება საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრის რადიუსში უფასოდ დააპარკინგოს. უძრავი ქონების მესაკუთრე ინტერნეტის მეშვეობით, ID ბარათით, ან მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ მუნიციპალურ პავილიონებში შეძლებს, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართის გათვალისწინებით, ორი სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრიროს.
პარკირების საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას, ელექტრომობილების მფლობელებსა და შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილებს არ შეეეხება. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, პარკირება ერთი საათის განმავლობაში, ერთი ლარი ეღირება. დღე-ღამის განმავლობაში, ზონალური პარკირების ოთხ სხვადასხვა ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისას პირველი 15 წუთი უფასოა.
ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა სხვადასხვა საშუალების გამოყენებით არის შესაძლებელი: ვებგვერდი – www.tp.ge, მობილური აპლიკაცია – TBILISI PARKING და სწრაფი გადახდის აპარატები (Pay Box).
რაც შეეხება პარკირების ადგილებს, საბურთალოს რაიონში სულ განსაზღვრულია ზონალურ-საათობრივი პარკირების 603 ადგილი: ვაჟა-ფშაველას გამზირი – 68 ადგილი, ყაზბეგის გამზირი – 43 ადგილი, მიცკევიჩის ქუჩა – 71 ადგილი, ცინცაძის ქუჩა – 31, ბახტრიონის ქუჩა – 56, პეკინის გამზირი-ჟვანიას მოედანი – 211, გამრეკელის ქუჩა 123.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება ბარათაშვილის, კოტე აფხაზისა და აბანოს ქუჩების ნაწილზე, ასევე, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მოქმედებს.