საბურთალოს საოლქო კომისიასთან “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” ერთ-ერთი წევრი შალვა კარელიძე დააკავეს. ალეკო ელისაშვილი კომისიაში შესვლასა და ხმის დათვლის პროცესში მონაწილეობას ითხოვს, თუმცა მას საოლქო კომისიის შენობაში არ უშვებენ.
“ვარ საბურთალოს ოლქში კანდიდატი, სადაც მიდის ხმის დათვლის პროცესი. აქ ამ ფანჯრებში. იქ მიდის გაყალბება, არაერთი ფაქტი დავდე ამის. მე მაქვს კანონით უფლება, რომ დავესწრო, როგორც კანდიდატი. სახეზე ვერ გცნობთო და არ შემიშვეს, ჩამოვიწიე ნიღაბი… მე, ვინც ხმა პატიოსნად მომცა, უფულოდ, კოორდინატორების გარეშე, ალალად, კაცურად, თბილისურად, ქალაქურად მოვიდა და ხმა მომცა, როგორ არ დავიცვა მისი ხმა? შორიდან ვუყურო როგორ აყალბებენ ამას?”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, დაკავებულია “ერთიანი საქართველოს” პოლისტსაბჭოს კიდევ სამი წევრი.