როგორმე უნდა მოვახერხოთ და შეზღუდვების მოხსნა ბოროტად არ უნდა გამოვიყენოთ. არ უნდა გადავამლაშოთ, რომ აი, მოიხსნა შეზღუდვები და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„კლასტერების ნარჩენები რომ არის, თუ მათი ნეიტრალიზება შევძელით, თუ არ გვექნება კერები, მაშინ ხალხის გარეთ გამოსვლა არ მოიტანს უარყოფით შედეგს. ამიტომ ჩვენი ეპიდემიოლოგები ძალიან აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ კერები სადაც არის, ის კონტაქტები იქნეს ბოლომდე მოძიებული და ის იქნეს განეიტრალებული, რომ როცა ხალხი გამოვა, იქნება ეს ქუჩაში, მაღაზიაში, თუ ტრანსპორტში, არავინ იყოს ისეთი, ვისგანაც გადაედება.
ასევე, როგორმე უნდა მოვახერხოთ და შეზღუდვების მოხსნა ბოროტად არ უნდა გამოვიყენოთ. ანუ არ უნდა გადავამლაშოთ და მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავვარდეთ, რომ აი, მოიხსნა შეზღუდვები და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ და რასაც ჩვეულებრივ დროს არ ვაკეთებ, იმაზე მეტს გავაკეთებ. მე ვიტყოდი, რომ თვითცენზურა უნდა შევინარჩუნოთ. ის, რაც აქამდე აკრძალული იყო და ამიტომ ვერ ვაკეთებდით, ახლა აკრძალვის გარეშე, საკუთარი შეგნების გამო არ უნდა გავაკეთოთ. მაგალითად, სხვა საქმეა, როცა გიკრძალავენ, რომ 21:00 საათის მერე გარეთ არ უნდა გამოხვიდე. ეს ერთგვარად დამთრგუნველია, იქნებ საქმე გაქვს და გამოდიხარ, მაგრამ როცა აღარ გიკრძალავენ 21:00 საათის შემდეგ გამოსვლას, ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ გვჭირდება თუ არ გვჭირდება, მაინც გამოვიდეთ. საგანგებო ზომები და შეზღუდვები უნდა ჩაანაცვლოს თვითშეგნებამ და მაღალმა მოქალაქეობრივმა პასუხისმგებლობამ. ხომ გამოგვიმუშავდა უკვე? მაგალითად, 2 თვის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ სუპერმარკეტში ან აფთიაქში დისტანცია დამეცვა და ისე შევსულიყავი. ახლა კი ვიცავთ ამ დისტანციას. აი, ეს უნდა გამოვიმუშაოთ და ეს უნდა შევასრულოთ იძულებითი ზომების და სამთავრობო გადაწყვეტილებების გარეშე,“ – განაცხადა ცერცვაძემ.