მედიცინის დოქტორი და ქართულ-ამერიკული კლინიკის მენეჯერი გიორგი კავკასიძე ამბობს, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ძალიან მალე გამოცხადდა, რის გამოც ხალხი მოეშვა. მისი თქმით, მუდმივად შეზღუდვებისა და კარანტინის რეჟიმში ხალხის ყოფნა შეუძლებელია, რადგან ის მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.
,,ჩემი აზრით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ძალიან ადრე გამოცხადდა. იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე საჭირო იყო. ჩემი ანგარიშით, სადღაც 10 აპრილს უნდა გამოცხადებულიყო. რა მოხდათ იცით?! იმის გამო, რომ ეს საგანგებო მდგომარეობა და კარანტინი ძალიან გახანგრძლივდა, ხალხი მოეშვა. შეზღუდვებში და საგანგებო მდგომარეობაში ხალხს მუდამ ვერ ამყოფებ, წარმოუდგენელია, ეს მოქმედებს ფსიქიკაზე, ეს მოქმედებს ემოციურად, იმუნიტეტზე, იმუნიტეტი პირდაპირ არის დაკავშირებული ფსიქიკურ მდგომარეობაში და ის ეცემა. ამას ემატება ეკონომიკური მდგომარეობა”,- ამბობს კავკასიძე.
მისივე თქმით, სახელმწიფომ ხალხმა არ უნდა დააშინოს, არამედ უნდა აუხსნას, თუ რა საფრთხის წინაშე დადგებიან, თუ გულგრილად მიუდგებინ ვირუსს.
კავკასიძე ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობის ეკონომიკის გახსნის გეგმა დროში გაწელილი და არარეალისტურია, ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ საქმიანობა ეტაპობრივად უნდა დაიწყოს, ხოლო რისკჯგუფებზე ყურადღება გაძლიერდეს.
,,ჩვენ არ გვაქვს საქართველოში ეპიდემია. ის ხალხი, რომელიც არ არის ინფიცირებული და შეუძლია ეკონომიკური საქმიანობა, უნდა მიეცეთ ამის საშუალება, ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, მაგრამ არც ისე დროში გაწელილად, როგორც გეგმით წარმოგვიდგინეს. ასე მგონია, 1 თვეში ჩვენ თუ ეკონომიკა არ ამოვქოქეთ, იმდენად ღრმა უფსკრულში ჩავვარდებით, რომ იქიდან ამოსვლა იქნება ძალიან რთული, მეტისმეტად რთული”,- უთხრა გიორგი კავკასიძემ ტვ პირველს.