სად და როგორ შეძლებთ კოვიდ-ბარათების მიღებას – გაცემა დაიწყო

საქართველოს მთავრობის განცხადებით, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები კოვიდ-ბარათების გაცემას იწყებენ. მომხმარებელს კოვიდ-ბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალში შეეძლება.

კოვიდ-ბარათზე პირისთვის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემები იქნება დატანილი, რომელიც იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმდება.

“კოვიდ-ბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს, კოვიდ-ბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად, აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, აღნიშნული სერვისის მიღებას ისინი იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ”,– აცხადებს მთავრობა.