საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით დღეს, 16 მაისს, 15:00 საათზე დაგეგმილია სახანძრო-სამაშველო სწავლება „მეტროპოლიტენი 2020“. სასწავლო ვარჯიშის ფარგლებში, მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ სამივე ამოსასვლელთან, ასევე, მეტროსადგურებთან – „წერეთელი“ და „ნაძალადევი“ მობილიზებული იქნება სახანძრო-სამაშველო და საპატრულო ტექნიკა. „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტება. ასევე, შესაძლოა, შესამჩნევი იყოს დაკვამლიანება.
სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ის დანაყოფი, რომელიც რეალური შემთხვევების დროს სახანძრო-სამაშველო ოპერაციებში არის ჩართული: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, დაცვის პოლიცია.
სწავლება უწყებათშორისია და შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, მასში ჩართული იქნებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, ასევე, თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლები.
ღონისძიების მიზანია შეიქმნას წინასწარ განსაზღვრული სამოქმედო გეგმა. სასწავლო წვრთნის დასრულების შემდეგ მოხდება სახანძრო-სამაშველო მოქმედებების გაანალიზება და შეიქმნება პროცედურებისა და მოქმედების გაწერილი გეგმა, რაც უფრო ეფექტიანს გახდის მომავალში შესაძლო ხანძრებზე რეაგირებას.