თეოლოგი ბასილ კობახიძე სვეტიცხოველში წირვის რუსულად აღსრულებას ეხმიანება და ამბობს, რომ პატრიარქმა ილია მეორე “საეგზარხოსო ოფიციალურად აღადგინა”.
“ოცდათხუთმეტი წლის წინ მოვედი ეკლესიაში და სლავურ ენაზე წირვა სვეტიცხოველში არ ყოფილა ამდენი ხანი. ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან, მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ავტოკეფალია აღვადგინეთ, რუსეთმა თქვა: სადაც ქართულად წირავენ, ის იყოს ავტოკეფალური და სადაც სლავურად, ის ჩვენი დარჩესო. საეგზარხოსო აღადგინა ილიამეორემ, ახლა უკვე ოფიციალურად”,– წერს კობახიძე.
“რუსული გალობა რომ ისმოდეს ქართულ ეკლესიაში წირვაზე, რა პრობლემაა?”,– ასე პასუხობს საპატრიარქოს პრესსპიკერი, ანდრია ჯაღმაიძე ფორმულას კითხვას, რატომ ჩატარდა სვეტიცხოველში წირვა რუსულ ენაზე.
პრესამსახურის განმარტებით, უკრაინიდან საქართველოში მოსალოცად ჩამოვიდა სასულიერო პირთა ჯგუფი, რომელმაც ითხოვა სვეტიცხოველში მსახურების ნებართვა.
“მათ ითხოვეს დღეს ქართველ მღვდელმსახურებთან ერთად ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე ერთობლივი მსახურება აღევლინა. მოგეხსენებათ, უკრაინაში, ღვთისმსახურება საეკლესიო სლავურ ენაზე აღევლინება. ზოგადად, ეკლესიაში მიღებული პრაქტიკაა, სტუმრებს მსახურების ნაწილის მშობლიურ ენაზე შესრულების საშუალება მიეცეს”,– წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
რუსულენოვანი წირვის ვიდეო სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა: