“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია რიონის ხეობის მცველს, ვარლამ გოლეთიანს ურჩევს, საზოგადოებას პროტესტთან დაკავშირებით მეტი-ახსნა განმარტება მისცეს.
“ბატონ ვარლამს ვურჩევდი, როგორც უმცროს მეგობარს, რომ მეტი ახსნა-განმარტება მისცეს საზოგადოებას. შესაძლებელია, ის იგივე მოთხოვნებში ზის და იგივე წუხილები აქვს, მაგრამ მის გარშემო საზოგადოების ისეთი წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც დამაბნეველ გზავნილებს უგზავნიან ქვეყანას და საზოგადოება არის შეცდომაში შეყვანილი”,– თქვა მელიამ “ფორმულას” ეთერში.
მისივე განცხადებით, გოლეთიანი ბრძოლის ავანგარდშია, რა დროსაც შეცდომის დაშვების მეტი შანსია, ამიტომ მას ყველანაირად მხარს დაუჭერს.
“ყველანაირად მხარს დავუჭერ ვარლამს, ახალგაზრდა ადამიანია, მე ვიცი, რას ნიშნავს საპროტესტო აქციის სათავეში დგომა და რას ნიშნავს იყო ავანგარდში ბრძოლის. ამ დროს, გინდა არ გინდა, ხდები მოწყვლადი და შეცდომის დაშვების ალბათობა მატულობს. ამიტომ ამ ახალგაზრდას სჭირდება მხარდაჭერა, თუნდაც რეკომენდაციის მიცემის სახით, არამარტო ტელევიზიის მეშვეობით, არამედ კერძო საუბარშიც, რომ ქვეყნის სასიკეთო საქმე გამოუვიდეს და არა საპირისპირო. დარწმუნებული ვარ, რომ ის გაართმევს თავს ამ ყველაფერს”,– ამბობს ნიკა მელია.