საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განაცხადებით, ამ ეტაპზე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნა არ განიხილება, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით, ყველაზე მეტ საფრთხეს შეიცავს. მისივე თქმით, კაფეების, რესტორნების, სავაჭრო ცენტრების, როგორც ხალხმრავლობის თვალსაზრისით განსაკუთრებით საფრთხის შემცველი ობიექტების გახსნა, მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმით, ბოლო ეტაპზეა გათვალისწინებული.
„გარკვეული ეკონომიკური საქმიანობა 27 აპრილამდეც დაშვებული იყო და 27 აპრილიდან ჩვენ კიდევ უფრო მეტი დაშვება გავაკეთეთ, ოღონდ მეწარმე სუბიექტებს ვუთხარით, რომ უნდა აკმაყოფილებდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შემოწმდებიან და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ამ ეტაპზე არ განვიხილავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოძრაობის განახლებას, ვინაიდან, სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მეტი საფრთხის შემცველია. ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს მშენებლობებისა და სამშენებლო მასალების წარმოების დაშვებაზე იმაზე ადრეულ ეტაპზე, ვიდრე ეს გეგმით არის გათვალისწინებული“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.