დღეიდან, პირველი თებერვლიდან, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთჯერადი საფასური იზრდება და ის 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი ეღირება. გარდა ამისა, შემოდის სააბონემენტო სისტემა. მგზავრობის საფასურის გადახდა როგორც მეტრომანით, ასევე საბანკო ბარათით შეგეძლებათ, აბონემენტის ყიდვას კი მეტროსადგურებში შეძლებთ.
რა ღირს აბონემენტები და როგორ ფუნქციონირებს:
1. ულიმიტო, ერთდღიანი ბარათი – 3 ლარი ღირს და მისი გამოყენებით შეგეძლებათ, მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროთ.
2. ულიმიტო, ერთკვირიანი ბარათი – 20 ლარი – ერთკვირიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 20 ლარად.
3. ულიმიტო, ერთთვიანი ბარათი – 40 ლარი – ერთთვიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 40 ლარად.
4. ულიმიტო, სამთვიანი ბარათის ღირებულება 100 ლარს შეადგენს და მისი გამოყენებაც, როგორც სხვა აბონემენტების, შეგეძლებათ თბილისის მეტროში, ლურჯ “მარშუტკებსა” და ავტობუსებში.
5. ულიმიტო, ექვსთვიანი ბარათი – 150 ლარი – ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის.
6. ულიმიტო, ერთწლიანი ბარათი – 250 ლარი ღირს, რაც ნიშნავს, რომ ერთწლიანი ბარათის მფლობელს თვეში მხოლოდ 20 ლარად შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა.
ვინ იმგზავრებს უფასოდ ან შეღავათიანი ტარიფით:
1) თბილისში რეგისტრირებული უსინათლო პირები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები;
2) მოსწავლეები;
3) უბნის ინსპექტორები და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები;
4) თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები;
5) თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანები და სხვა.
შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით – 0,2 ლარი, მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ:
1) თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები;
2) საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები;
3) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები;
4) პენსიონერები;
5) თბილისის საკუთრებაში არსებულ პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები;
6) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები და სხვა.
შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით – 0,1 ლარი, მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ:
1) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.