საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
„გვინდა გაცნობოთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, რომელიც ჩვენთვის გუშინ გახდა ცნობილი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ აცნობა, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე დაწყებულია განხილვა. ასევე, წერილში მითითებულია, რომ მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსის მქონე საქმე შეიძლება გახდეს ეს მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო ძალიან მოკლე ვადებში. როგორც გახსოვთ, 2 თვის წინ გავაგზავნეთ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში და უკვე საქმე გადავიდა შემდგომ ეტაპზე, როდესაც უკვე არსებითად იხილება იმ დარღვევებთან დაკავშირებით საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ საჩივარში ვდავობდით. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ჩვენი საჩივარი ეხება იმას, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ასევე საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, გამოხატვის თავისუფლება.[…]კერძოდ, საჩივარში მითითებულ დარღვევებთან დაკავშირებით საქართველოს მიეცა შესაბამისი დრო, რომ მან უპასუხოს იმ კითხვებს, რა კითხვებიც ამ საქმიდან გამომდინარე სასამართლოს ამ ეტაპზე აინტერესებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. კიდევ ერთხელ გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მზია ამაღლობელი რჩება უკანონო პატიმრობაში და სწორედ ამ დარღვევებს ეხება არსებითად ეს საქმე“,- განაცხადა საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.
საიამ სტრასბურგში საჩივარი 28 აპრილს გააგზავნა.