“საიდან მოდის გიორგი მარგველაშვილის ოპტიმიზმი, არ ვიცი”- ამის შესახებ პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერმა, „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. როგორც ჯაფარიძე აცხადებს, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს იმის ილუზია რომ “ქართულ ოცნებასა” და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შეარიგებს.
„მე სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის ახლა, ამ წუთში, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში ჩარევას და რაიმე მცდელობას, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს, უბრალოდ არ აპირებს. პრეზიდენტ მარგველაშვილს შეიძლება ჰქონდეს იმედი, რომ აქედან რამე გამოვა, თუმცა, არ ვიცი რას ეფუძნება ეს იმედი. სალომე ზურაბიშვილმა მითხრა, რომ მას არ აქვს ილუზია, რომ ის შეძლებს და დაძლევს იმას, რისი დაძლევაც ვერ შეძლო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ამხელა ავტორიტეტითა და წონით. შესაბამისად, არც აპირებს ამ პროცესში რამენაირად ჩარევას. სალომე ზურაბიშვილს არ აქვს იმის ილუზია, რომ ის შეძლებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ შერიგებას და ამას არც აპირებს. ამიტომ საიდან მოდის გიორგი მარგველაშვილის ეს ოპტიმიზმი, არ ვიცი. მათ შორის, რაც ისაუბრა, ერთის მხრივ აცხადებდა, რომ სააკაშვილი არის პუტინის პატიმარი და ის „ქართულ ოცნებას“ ჰყავს დაჭერილი, უზის ციხეში და მეორე მხრივ იმედი გქონდეს, რომ ასეთი ტიპის მოლაპარაკების პროცესით აქედან შეიძლება რაღაც გამოადნო და ფიქრობდე, „ქართული ოცნება“ რაღაცას დათმობს, მგონია, რომ ეს ორი რაღაც ერთმანეთს ეწინააღმდეგება. თან, უკანასკნელი თვეების განმავლობაში რაზეც კი შევთანხმდით, ყველაფერზე „გადაგვაგდეს” და არამხოლოდ ჩვენ, ამერიკა და ევროკავშირი, ჩვენზე ბევრად წონიანი ხალხი“,- განაცხადა ჯაფარიძემ.