“საკანში 10 კაცი შემომივარდა, მცემა და დეესკალაციის ოთახში წამათრია” – აცხადებს, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი, ბადრი ესებუა. პატიმრის წერილს TV პირველი ავრცელებს.
“14 მარტს პენიტენციურ დაწესებულებაში ერთ-ერთმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა. ამის მიზეზი ის ყოფილა, რომ სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა, რაზეც უარი უთხრეს და პროტესტის ნიშნად ყელი გამოიჭრა. სოლიდარობის ნიშნად, რამდენიმე პატიმარმა შიმშილობა დავიწყეთ. ციხის ადმინისტრაციამ კი რეპრესიები დაიწყო და მუქარით გვთხოვდნენ შიმშილობის შეწყვეტას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, პირადად მე მითხრეს, რომ სარდაფში ობიან და ტარაკნებით სავსე კამერაში ან კარცერში გადამიყვანდნენ.
მაინც რომ არ დავემორჩილე, კამერაში 10 კაცამდე შემომივარდა, იმ დროს ლოგინზე ვიწექი, მეცნენ და გინებით გადმომაგდეს. ძირს დამაგდეს და ფეხებით შემდგნენ. ხელბორკილები დამადეს და არაადამიანური, არაპროპორციული ძალის გამოყენებით დეესკალაციის კამერაში წამათრიეს.
ამის შემდეგ, ყველა, ვინც კი შიმშილობდა, ზოგი კარცერში გაგზავნეს, ზოგი დეესკალაციის კამერაში, ზოგი კი სხვა ციხეში გადაიყვანეს. ახლაც ვერ ვხვდები, რას გვერჩოდნენ, რატომ მოგვიწყვეს პროვოკაცია და რატომ შეგვყარეს ასე ტყუილად კარცერში. ჩემ გვერდით კამერაში მყოფი მეგობარი ამბობს – თუ არ გაჩერდები, აკრძალულ ნივთს ჩაგიდებთ და სასჯელს გაგიხანგრძლივებთ, ასე დამემუქრნენო”. – წერს ესებუა.