საკონსტიტუციო სასამართლომ ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებული სარჩელი დააკმაყოფილა

რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებული სარჩელი დააკმაყოფილა და ამიერიდან, ყველა ადამიანს და მათ ადვოკატებს შეეძლებათ “ნორმალურად გაეცნონ საქმეებს, ჩვეულებრივად წამოიღონ სახლში და არ მოუწევთ პასტით ხელში ჯდომა პროკურატურაში მორიგე პროკურორის ზედამხედველობით”.

ზვიად გამსახურდიას შვილის, კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ეს მნიშვნელოვანი ფაქტია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომლის საქმეც გამოძიებაშია.

“ეს მნიშვნელოვანი ფაქტია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომლის საქმეც გამოძიებაშია ან არის უკვე გამოძიებული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები აქამდე საქმეს ვერ ეცნობოდნენ, ეცნობოდნენ მაგრამ უკიდურესი სირთულეებით. მე ვფიქრობ, რომ ჩემი პერსონა არაფერ შუაშია, ეს ყველაფერი თანამედროვე ნორმებთან შესაბამისობაში მოვიდა უბრალოდ,”- ამბობს კონსტანტინე გამსახურდია.

2010 წლიდან დღემდე საქმის მასალებს დაზარალებული მხარე იგებდა ზედამხედველი პროკურორის თანდასწრებით დღეიდან კი მათ სრულად ჩაბარდებათ საქმის მასალები.

2020 წლის 18 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა №1312 კონსტიტუციური სარჩელი („კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმა ადგენს სისხლის სამართლის საქმის მასალების მხოლოდ გაცნობის უფლებას და გამორიცხავს დაზარალებულისათვის ასეთი მასალების ასლების გადაცემას. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სისხლის სამართლის საქმის მასალები შეეხება უშუალოდ დაზარალებულს, შესაბამისად, მას უნდა შეეძლოს ასლების მიღება, თუკი ეს არ აზიანებს გამოძიების ინტერესებს.
სასამართლოს ინფორმაციით, მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ საჯარო ინფორმაციის „გაცნობა“, სისხლის სამართლის საქმის მასალების კონტექსტში, მოიაზრებს მარტოოდენ საჯარო დაწესებულებაში დაცული დოკუმენტების წაკითხვას, გარკვეული ჩანაწერების გაკეთებას, მაგრამ არა მათი ასლების გადაღებას ან/და მატერიალურად სხვაგვარად მიღებას. ამასთან, მოპასუხის მითითებით, სადავო რეგულირება ემსახურება გამოძიების ინტერესების დაცვას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა რამდენად წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების ასლების მიღება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული სფეროს ნაწილს. სასამართლომ განმარტა, რომ ინფორმაციის ეფექტიანი, სათანადო ფორმით გაცნობა წარმოადგენს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზების წინაპირობას, შესაბამისად, აღნიშნული უფლება გულისხმობს ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ასლის სახით მიღების შესაძლებლობასაც.
“სასამართლომ მიუთითა, რომ საგამოძიებო, ისევე, როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალები განეკუთვნება საჯარო დაწესებულებაში დაზარალებულის შესახებ არსებულ იმგვარ ინფორმაციას, რომლის ასლებზე ხელმისაწვდომობის მიმართაც დაზარალებულს გააჩნია მომეტებული ინტერესი. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, დაზარალებულის აღჭურვა სათანადო ინფორმაციით ემსახურება მისი უფლების ეფექტიან დაცვას და საგამოძიებო საქმიანობის კონტროლს.
სასამართლომ გაიზიარა მოსაზრება, რომ გამოძიების ინტერესების დაცვა წარმოადგენს ღირებულ ლეგიტიმურ მიზანს და არც ის უარყო, რომ ცალკეულ შემთხვევებში, გამოძიების მასალების ასლების დაზარალებულისათვის გადაცემა და მათი შემდგომი გავრცელება შესაძლოა, მართლაც ქმნიდეს დამატებით საფრთხეს გამოძიების ინტერესებისათვის საგამოძიებო ორგანოების საქმიანობისთვის ხელშეშლისა თუ სხვა თალსაზრისით. თუმცა, მიიჩნია, რომ სადავო ნორმით დაწესებული ბლანკეტური შეზღუდვა არ იყო დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელი საშუალება, ვინაიდან იგი ყველა შემთხვევაში, კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების მიუხედავად ზღუდავდა სისხლის სამართლის საქმეში არსებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების დაზარალებულისათვის გადაცემის შესაძლებლობას – მაშინაც, როდესაც ეს შესაძლოა მართლაც საშიში ყოფილიყო გამოძიების ინტერესებისათვის და მაშინაც, როდესაც იგი არავითარ საფრთხეს არ ქმნიდა ამ თვალსაზრისით. სასამართლომ მიუთითა, რომ გამოძიების ორგანოების მიხედულების თავისუფლებაში რჩებოდა დაზარალებულისათვის მასალების გადაცემის შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხის შეფასება და, ამის კვალობაზე, გადაწყვეტილების მიღება მისთვის საქმის მასალების ასლების გადაცემისა და მასზე უარის შესახებ.“–ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.