საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილება საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას, ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა – ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
პარლამენტი სასამართლოს დასკვნის მიღებიდან ორი კვირის ვადაში პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხს. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ეს პლენარული სხდომა შეიძლება დახურულად გამოცხადდეს.