საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა – შესაბამისი ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
საკონსტიტუციომ განსახილველად მიიღო საქართველოს პრეზიდენტის, ოპოზიციის წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის სარჩელი რუსული კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე.
საკონსტიტუციოს თანახმად, საქმეზე დაიწყება არსებითი განხილვა, განხილვამდე კი არ დაკმაყოფილდება მოსარჩელეების შუამდგომლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ.
”4. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
5. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე.
6. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლე ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი №1828 და №1834 კონსტიტუციური სარჩელების “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით.
7. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
8. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
9. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
10. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს”. – ნათქვამია განცხადებაში.
საკონსტიტუციო სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელეების (საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის წევრების) არგუმენტაციას – განცხადების მიხედვით, მოსარჩელეთა არგუმენტები ეფუძნება პოლიტიკოსთა განცხადებებს, და არა სამართლებრივ “მდგენელს”.
- “მოპასუხე მხარე არ იზიარებს საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრთა არგუმენტაციას სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართების თაობაზე.მისი განმარტებით, მოსარჩელეთა არგუმენტები ეფუძნება არა სამართლებრივ მდგენელს, არამედ მხოლოდ პოლიტიკოსთა განცხადებებს, რაც, თავის მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის არ შეიძლება გახდეს მტკიცებულება და მსჯელობის საგანი, რამდენადაც პოლიტიკოსების განცხადება არ აყენებს სამართლებრივ შედეგს”. – წერია განცხადებაში.
ამასთანავე საკონსტიტუციო სასამართლოს თქმით, რუსულ კანონს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუფერხებია.
“მოპასუხე მხარე ასევე ყურადღებას ამახვილებს ცალკეული რეზოლუციებისა თუ დემარშების მნიშვნელობაზე საკითხთა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან შეფასების კონტექსტში. მოპასუხის განმარტებით, ცალკეული მაგალითები ცხადყოფს, რომ რეზოლუციებით/დემარშებით გაცხადებულ პოზიციებს, რომლებიც სახელმწიფოს მოუწოდებდა, შეესრულებინა ესა თუ ის ქმედება, არგაზიარების მიუხედავად, არ შეუფერხებია ევროინტეგრაციის პროცესი. შესაბამისად, ამა თუ იმ რეზოლუციის მიღება პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესია და საკონსტიტუციო სასამართლო არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხის შეფასებაში. მოპასუხე მხარე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის მიღების პირობებში არ მომხდარა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერება”. – წერია განცხადებაში.